Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის და ჭიათურის შემდეგ, "ქართული ოცნება" დატოვეს ახალციხის და თერჯოლის საკრებულოების წევრებმაც


ომარ ჯიხვაშვილი და საბა კბილაშვილი
ომარ ჯიხვაშვილი და საბა კბილაშვილი

ლაგოდეხისა და თერჯოლის საკრებულოების წევრების მიერ "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიიდან გავიდნენ ახალციხის და თერჯოლის საკრებულოების წარმომადგენლებიც. პარტიის რიგებიდან წასვლის შესახებ მათი მოტივაცია მსგავსია პარლამენტარების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის მოტივაციისა. საბა კბილაშვილი ახალციხის საკრებულოდან და ომარ ჯიხვაშვილი თერჯოლის საკრებულოდან ამბობენ, რომ პარტიიდან მიდიან იმისთვის, რათა უფრო თავისუფლად ილაპარაკონ მნიშვნელოვან თემებზე.

"ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს!!!

ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.

ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა", - ასე გააცნო საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილება საბა კბილაშვილმა ახალციხის საკრებულოდან. ის იმედს იტოვებს, რომ პარტიიდან წასულ მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს მოუწევთ ყველაფრის თქმა, რაც იციან.

"ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დაჭირდეთ", - ამბობს კბილაშვილი და ამატებს, რომ თუკი ამის საჭიროება იქნება, ისიც მათ გვერდზე იქნება. საკრებულოს დეპუტატი, სავარაუდოდ, გულისხმობს სამ დეპუტატს (ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი), რომლებმაც მმართველი პარტია 28 ივნისს დატოვეს.

საბა კბილაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2020 წლიდან. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი.

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს!

როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს ცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას", - ეს ომარ ჯიხვაშვილის ფეისბუქპოსტია. მისი კრიტიკა მიემართება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, რომელსაც გასულ კვირაში პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა წერილით მიმართა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს საყვედურის შინაარსით წერილი 8 ივლისს მისწერა. წერილში ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ელჩმა დეგნანმა ამ წერილზე თქვა, რომ "სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით" და ბოლომდე მისი წაკითხვაც კი ვერ შეძლო.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG