გინახავთ სტადიონები რუსთავში? - მილიონ ლარზე მეტი უხარისხო საქმეში

რუსთავის მერია წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ლარს ხარჯავს სტადიონების მშენებლობისთვის, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ სპორტული მოედნების დიდი ნაწილი უხარისხოდ კეთდება. ასევე, მიუთითებს იმასაც, რომ რეგიონულ ტელევიზიებში მერიის საქმიანობის გასაშუქებლად გადახდილი თანხა გამართლებული ხარჯი არ არის.

„ძალიან კარგია, სტადიონი რომ გვაქვს, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ არ გვაქვს ისეთი სტადიონი, როგორიც ყველას”, - გვეუბნება 9 წლის ნოდიკო, რომელიც რუსთავის ერთ-ერთ სტადიონზე ორ მეგობართან ერთად თამაშობს ფეხბურთს. სტადიონს ერთი მხრიდან ახალაშენებული კორპუსი ესაზღვრება, მეორე მხრიდან - ავტოფარეხები, რომლებშიც ავტომობილების სამრეცხაოები და ვულკანიზაციებია გახსნილი. სტადიონის წინ დიდ ეზოში სახანძროს ძველი შენობაა. სტადიონის ხელოვნური საფარი ადგილ-ადგილ დახეულია. ქარიან დღეებში სტადიონის ხალიჩა ჰაერში ფრიალებს და როგორც არ უნდა გაასწორონ, სირბილის დროს მაინც მოუხერხებელია.

ახლად გაკეთებული სტადიონების უმეტესობას ამგვარი ხელოვნური ბალახის საფარი აღარ აქვს და მობეტონებულია.

„ძალიან დიდი სტადიონი გვაქვს, მაგრამ არ აქვს კალათბურთის ფარები, ხალიჩა არის დახეული და ბადეები დაზიანებულია. ხან ბურთი გვიძვრება, ხან ფეხები გვეჭრება, ხან შარვლები გვეხევა. ჩემმა მეგობარმა მეორედ მოიტეხა ხელი, ძალიან ცუდი ხალიჩა როა, იმას წამოკრა ფეხი და დაეცა. დიდი ხანია ეს სტადიონი გვაქვს, ველურებივით იქცევიან, ხსნიან ფარებს, კარებს, ხევენ სეტკებს. ამ რკინებს ჯართში აბარებენ. იმდენი შეგნება ხომ უნდა ქონდეთ, რომ ჩვენ თამაში გვინდა”, - გვიყვება ნოდიკო და გვაჩვენებს სტადიონის დახეულ ბადეს, რომელშიც კიდევ ერთხელ გაძვრა ბურთი. ბურთის მოსატანად გიორგი მირბის, რომელსაც მოტეხილი ხელი თაბაშირში აქვს ჩასმული.

კალათბურთის ფარი

რუსთავი ყოველ წელს მილიონამდე ლარს ხარჯავს სპორტული და საბავშვო მოედნების მოსაწყობად. თუკი შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ რამდენიმე ქუჩაზე გაივლით, ნახავთ, რომ სტადიონების ნაწილი ცარიელია, საბავშვო მოედნები კი თითქმის უკაცრიელ ადგილებშია მოწყობილი.

სტადიონებს რუსთავში სულ სხვადასხვაგვარი დაზიანებები აქვს - ზოგს კალათბურთის ფარი აკლია, ზოგან ფეხბურთის კარს ბადე არა აქვს, სხვაგან შემოსაღობ მესერს მეტალის ბოძები აქვს მომძვრალი ან ბადეა დაგლეჯილი.

2019 წელს რუსთავმა თითქმის ერთი მილიონი ლარი დახარჯა სპორტული მოედნების და სტადიონების კეთილმოწყობაზე. 2022 წლის 15 აპრილს აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ 2019 წელს რუსთავში გაკეთებული სტადიონების უმეტესობა მალევე დაზიანდა - მიზეზი უხარისხოდ შესრულებული საქმეა.

სტადიონების მშენებლები შავი სიიდან

იმ კომპანიების ნაწილი, რომლებსაც რუსთავის მერიამ სტადიონების გაკეთება მიანდო, დღეს შესყიდვების სააგენტოს სისტემაში შავ სიაში არიან, როგორც სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორები. თუმცა რუსთავსა და სხვა ქალაქებში შესრულებული პროექტებისთვის მათ ბიუჯეტიდან უკვე აქვთ მილიონობით ლარი მიღებული.

მაგალითად, შპს „გია კონსტრაქშენი“, რომელმაც 2019 წელს 1 008 900 ლარად მოაწყო რუსთავში, დონეცკელ მეტალურგთა პირველი გასასვლელის 3 ნომერში მინი სპორტული მოედნები, ამ სახელმწიფო შესყიდვაში ერთადერთი მონაწილე იყო. აუდიტის სამსახურმა დაწერა, რომ ამ უხარისხოდ გაკეთებულ სტადიონზე მისი დამთავრებიდან მალევე ღობეებს საყრდენი რკინის ბოძები აკლდა.

„გია კონსტრაქშენი” 2021 წელს სახელმწიფომ გააფრთხილა, კეთილსინდისიერად შეესრულებინა ვალდებულებები. გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის გამო 2022 წლის მარტში ეს კომპანია უკვე შავ სიაში აღმოჩნდა. „გია კონსტრაქშენმა” უარი თქვა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯავახში თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სპორტული მოედნისა და სკვერის მშენებლობისას დაშვებული დეფექტების დათქმულ ვადაში აღმოფხვრაზე.

მიუხედავად შავ სიაში ყოფნისა, 2024 წლის აპრილში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სპორტული მოედნების მშენებლობა აზიზბეკოვის ქუჩაზე ისევ „გია კონსტრაქშენს” დაუკვეთა 113 491 ლარად. ამ კომპანიას წინა წლებში მოწყობილი აქვს მოედნები მცხეთაში, შიდა გზები ცაგერში, სოფელ ტვიშში, ტურისტული ბილიკები ლენტეხში, გარემონტებული აქვს ადმინისტრაციული შენობა სოფელ მარტყოფში.

შავ სიაშია შეტანილი რუსთავის მერიის კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანია „კაპიტალ +”. ამ ჯგუფმა თითქმის 40 000 ლარი მიიღო რუსთავის ბიუჯეტიდან მე-20 საჯარო სკოლის სპორტული მოედნის გასაკეთებლად. მოედანი დაბზარულია და ისიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა, როგორც არაკეთილსინდისიერად შესრულებული პროექტი. „კაპიტალ +”-ს მოწყობილი აქვს სპორტული მოედნები თბილისში, შეკეთებული აქვს სტადიონები ქუთაისშიც. კომპანია შავ სიაში მოხვდა იმის გამო, რომ ისანში არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რაც ახალი უბნის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაციასა და მოწყობას გულისხმობდა.

იმისათვის, რომ არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორები შავ სიაში მოხვდნენ, ასეთი წესია: ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ტენდერებით იღებს სხვადასხვა მომსახურებას თუ პროდუქტს, ვალდებულია შესყიდვების სააგენტოს აცნობოს კონტრაქტორის არაკეთილსინდისიერების შესახებ. სააგენტო სწავლობს თითოეულ ასეთ ცნობას და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კომპანიის შავ სიაში ჩასმის შესახებ. შავ სიაში კომპანია ერთი წლით ხვდება - ამ ვადის გასვლის შემდეგ მას ისევ შეუძლია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. თუკი კომპანია უსამართლოდ მიიჩნევს შავ სიაში მოხვედრას, შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

რეკლამა ცუდად გაკეთებული სამუშაოსთვის, ისევ ბიუჯეტის ფულით

რუსთავში სტადიონების მშენებლობის პარალელურად მერიის საინფორმაციო კამპანია მიდიოდა. სხვადასხვა ვიდეოში ჩინოვნიკები ათვალიერებდნენ სამშენებლო მოედნებს და ამ სარეკლამო ხასიათის რგოლებში ჩანდა, როგორ ზედამხედველობდნენ ისინი წარმატებით მიმდინარე პროექტებს.

ფოტო: რუსთავის მერია. 2019 წლის მარტი.

ეს მასალა ადგილობრივი ტელევიზიებითაც გადაიცემოდა. აუდიტის სამსახური წერს, რომ ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია, რომელსაც არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული რუსთავში სტადიონების შესახებ, შემოსავლების ნახევარზე მეტს რუსთავის მერიიდან და საკრებულოდან იღებს.

მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების მოსამზადებლად და ეთერში გასაშვებად 2019-2020 წლებში ბიუჯეტიდან რეგიონული ტელევიზიისთვის 320 ათასი ლარია გადახდილი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სარეკლამო რგოლების შინაარსიც. აღმოჩნდა, რომ სიუჟეტები რეალურად სარეკლამო რგოლები იყო, რომელიც პოზიტიურად წარმოაჩენდა მუნიციპალიტეტის პროექტებს და ადგილობრივი ჩინოვნიკების საქმიანობას.

სპორტული მოედნების გაკეთებისთვის განკუთვნილი თანხები ნაწილია იმ ფულის, რომელსაც რუსთავი სპორტის განვითარებისთვის ხარჯავს. ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საშუალოდ 4 მილიონია გამოყოფილი - აქედან 2 მილიონი სპორტული დაწესებულებების მშენებლობასა და მოწყობას ხმარდება, 1 მილიონი - სპორტულ ღონისძიებებს.

ასევე ნახეთ როცა ფული გაქვს და ვერ ხარჯავ - საქართველოს მთავრობამ 15 მილიონი გადაიხადა საქმეში, რომელიც ვერ გააკეთა