რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის სასამართლომ 40 ათასი რუბლით დააჯარიმა ადგილობრივი აქტივისტი გია კაკაბაძე პლაკატისთვის, რომელზეც ეწერა რუსული როკ-ჯგუფის, DDT-ს ლიდერ იური შევჩუკის მიერ ერთ-ერთ კონცერტზე წარმოთქმული ფრაზის ნაწილი: „სამშობლო არ არის პრეზიდენტის ტრ..., რომელიც სულ უნდა კოცნო“. გია კაკაბაძემ ამ პლაკატით, ვლადივოსტოკის სხვადასხვა რაიონში პიკეტები მოაწყო იური შევჩუკის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც მუსიკოსი ამ სიტყვებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს.
სასამართლომ აქტივისტი გია კაკაბაძე დამნაშავედ ცნო „საზოგადოებისა და სახელმწიფოსადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვაში“. პროექტი „ქსელური თავისუფლება“, რომლის წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებს იურიდიულ დახმარებას უწევენ, წერს, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმე იყო ვლადივოსტოკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და იურიდიული ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი. მან სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ მოცემულ კონტექსტში სიტყვა ტრ... უშუალოდ უკავშირდება პრეზიდენტ პუტინს, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების განსახიერებაა.
2022 წლის მაისში, ქალაქ უფაში კონცერტის დროს, იური შევჩუკმა უკრაინაში ომზე საუბრისას საკმაოდ ხალხმრავალ აუდიტორიას მიმართა სიტყვებით: „მეგობრებო, სამშობლო არ არის პრეზიდენტის ტრ..., რომელიც სულ უნდა ნერწყვო, კოცნო. სამშობლო ეს არის ღარიბი ბებია სადგურზე, რომელიც კარტოფილს ყიდის. აი, ეს არის სამშობლო“.
მუსიკოსს, რომლის ამ გამოსვლას დარბაზში ოვაცია მოჰყვა, კონცერტის შემდეგ პოლიციამ შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განსახილველად სასამართლოს გადასცა.
ასევე ნახეთ DDT-ს ლიდერისთვის რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის" შედგენილი ოქმი სასამართლოს გადასცესუფის სასამართლომ ოქმი გაუგზავნა იური შევჩუკის საცხოვრებელი ადგილის, ქალაქ სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს, რომელმაც განხილვაზე უარი თქვა და ოქმი უფას, "სამართალდარღვევის ადგილს" დაუბრუნა.