რუსული როკ-ჯგუფის, DDT-ს ლიდერის, იური შევჩუკისთვის „რუსეთის შეიარაღებული ძალების საჯარო დისკრედიტაციისთვის“ ქალაქ უფაში შედგენილი ოქმი განსახილველად გადასცეს სანქტ-პეტერბურგის სასამართლოს. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს უფის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. მიზეზად დასახელებულია თავად შევჩუკის წერილობითი მიმართვა.
რუსმა სამართალდამცავებმა მუსიკოსს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ 18 მაისს შეუდგინეს, უფაში კონცერტის შემდეგ. იური შევჩუკმა საკმაოდ ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, უკრაინაში ომზე საუბრისას თქვა, რომ იღუპებიან ახალგაზრდები, მოხუცები, ქალები და ბავშვები "მორიგი კეისრის რაღაც ნაპოლეონისებური გეგმების გამო“.
„მეგობრებო, სამშობლო არ არის პრეზიდენტის ტრ..., რომელიც სულ უნდა კოცნო. სამშობლო ეს არის ღარიბი ბებია სადგურზე, რომელიც კარტოფილს ყიდის. აი, ეს არის სამშობლო“, - მიმართა იური შევჩუკმა აუდიტორიას. მუსიკოსის გამოსვლას დარბაზში ოვაცია მოჰყვა.
იური შევჩუკის პროდიუსერის, რადმირ უსაევის ინფორმაციით, კონცერტის დასრულებისთანავე კულისებში შევიდნენ პოლიციელები, მუსიკოსი ჯგუფის სხვა წევრებისგან იზოლაციაში მოაქციეს, საგრიმიოროსთან დააყენეს ორი სპეცრაზმელი და თავდაპირველად შევჩუკის დაკავებას აპირებდნენ, თუმცა, შემდეგ ოქმი შეუდგინეს და ხელი მოაწერინეს.
აპრილში, DDT-ს კონცერტი გააუქმეს რუსეთის ქალაქ ტიუმენში. იური შევჩუკმა ეს იმას დაუკავშირა, რომ ჯგუფმა უარი თქვა გამოსვლაზე დარბაზში, სადაც გამოსახული იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასო Z.