გუდაურში გადარჩენილი პარაპლანისტის მდგომარეობა სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეზო

გუდაურში გუშინ, 29 ივლისს ჩამოვარდნილი პარაპლანისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის გუდაურის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. იმყოფება ქირურგიულ დეპარტამენტში. ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - ამბობს "ფორმულასთან" საუბრის დროს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

ამავე საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაშავებული ტვინის შერყევითა და წვივის ჭრილობით შეიყვანეს მათ დაწესებულებაში.

გუშინ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ასევე ნახეთ რა შეგვიძლია ვთქვათ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებზე - ინტერვიუ მფრინავთან

სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა. ვერტმფრენის ბორტზე იყო ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

ასევე, გარდაიცვალა ტურისტი, რომელიც პარაპლანით კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.

ასევე ნახეთ გარდაცვლილი ტურისტის ცოლი: ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ჩემი ქმარი გარდაიცვალა