Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი ტურისტის ცოლი: ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ჩემი ქმარი გარდაიცვალა


29 ივლისს გუდაურში გარდაცვლილი ტურისტის ცოლი შერილ მორალ ტიმანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ აწვდიან და მას არც ცხედარი გადასცემია. მისი თქმით, გარდაცვალების ამბავი ახალი ამბებიდან შეიტყო.

"ჯერ ჩემი ქალიშვილი გაფრინდა პარაპლანით, შემდეგ მე და ბოლოს ჩემი ქმარი. ამინდი კარგი იყო, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩემს ინსტრუქტორსაც კი პრობლემა შეექმნა დაჯდომის დროს. მე რომ დავეშვი, დავინახე, რომ ჩემს ქმარს ინციდენტი შეემთხვა. ჩვენ ველოდებოდით მაშველებს და ბოლოს გამოჩნდა ვერტმფრენიც. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთული იყო სამაშველო ოპერაცია და ამიტომ მეც ვითხოვდი, რომ ვერტმფრენი გამოეყენებინათ. მოვიდა ვერტმფრენი და დაიწყო მოსახერხებელი პოზიციის შერჩევა. მოულოდნელად მან ვარდნა დაიწყო და აფეთქდა", - იხსენებს გუდაურში გარდაცვლილი ტურისტის ცოლი.

ქალი ამბობს, რომ მან ამ დრომდე ოფიციალურად, დადასტურებული ინფორმაცია არ იცის, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა. ეს ამბავი ახალი ამბებიდან გაიგო.

"ახლა ჩემი პრობლემაა ის, რომ არ ვიცი რა ხდება. არავინ მაძლევს ინფორმაციას. უკვე აღარ ვიცი, რამდენი საათია ველოდები ინფორმაციას. პარაპლანის კომპანიამ თავიდან მითხრა, რომ ის კარგად იყო და საუბრობდა. შემდეგ მითხრეს, რომ ის კარგადაა, რომ მხოლოდ ინსტრუქტორი დაშავდა. შემდეგ ახალ ამბებში გავიგე, რომ ტურისტიც გარდაიცვალა. არ ვიცი, როგორ გარდაიცვალა, მე არ მაქვს ცხედარიც.

წუხელ სასტუმროში დავბრუნდი და ჩემთან მოვიდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები პარაპლანის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი აღარ იყო ცოცხალი. მე ვსვამდი კითხვებს, რა მოხდა, სად არის ის ახლა, როგორ გარდაიცვალა? დღეს დილით კი ახალ ამბებში ვნახე, რომ პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ 8 ადამიანი დაიღუპა და ასევე ტურისტიც. მაგრამ მე ჯერაც არ ვიცი ოფიციალური ინფორმაციით, როგორ გარდაიცვალა. ისევ არ გადმოგვცემია ცხედარი. დღეს დილით პოლიციის განყოფილებაში წავედით, იქ ინგლისური არავინ იცოდა ერთი ბიჭის გარდა, რომელმაც გვითარგმნა, რომ არ იცის, ჩემი ქმარი ცოცხალია თუ არა. ასე რომ, არ ვიცი, ახალი ამბავი მისი გარდაცვალების შესახებ საიდან მოვიდა“, - ეუბნება გარდაცვლილი ტურისტის ცოლი რადიო თავისუფლებას.

შერილ მორალ ტიმანის თქმით, გუდაურში მათი მოგზაურობა სრულდებოდა და მალე უკან, დუბაიში გაფრენას აპირებდნენ. ცოლ-ქმარი შვილთან და მეგობრის ოჯახთან ერთად იყვნენ საქართველოში ჩამოსულები. გარდაცვლილი კაცისთვის ეს პარაპლანით პირველი გაფრენა იყო.

„მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალია. პრობლემა ისიცაა, რომ როცა პარაპლანით გაფრენა მოვინდომეთ, ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს ტერიტორია ექსტრემალური სპორტის კატეგორიაში იყო. მათ მხოლოდ ინციდენტის შემდეგ გვითხრეს, რომ სპორტის ამ სახეობაში 50/50-ზეა გადარჩენის შანსი. მათ მოგვცეს მხოლოდ ჩაფხუტი და სულ ეს იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შერილ მორალ ტიმანი.

მისი თქმით, საქართველოში დღეს ჩამოდის გარდაცვლილი ტურისტის ძმა.

29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით თქვა, რომ გარდაიცვალა სამაშველო ოპერაციაში ჩართული, ვერტმფრენში მჯდარი ყველა ადამიანი და ტურისტი.

"სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული. უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო, ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს", - თქვა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG