უზენაესმა მიკროსაფინანსოში "ყუმბარით შევარდნის საქმეზე" პატიმარს სასჯელი ისევ 9 წლამდე გაუზარდა

მსჯავრდებული ლევან ზურაბაშვილი

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც 2020 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ყალბი ხელყუმბარით შევარდა და პოლიტიკურ-სოციალური მოთხოვნები წამოაყენა, უზენაესმა ისევ 9 წელი მიუსაჯა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

მსჯავრდებულის ადვოკატმა ბექა ჯანელიძემ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ დაუკმაყოფილა პროკურატურას მოთხოვნა, რადგან ბრალდება კიდევ უფრო დამამძიმებელ მუხლებს ითხოვდა.

"კვლავ გადააკვალიფიცირა უზენაესმა სასამართლომ ბრალი და სსკ-ის 144-ე მუხლი გახადა, რაც არის მძევლად ხელში ჩაგდება. უხეშად რომ ვთქვა, სააპელაციომ რაც შეამსუბუქა, უზენაესმა კვლავ დააბრუნა", - ამბობს ადვოკატი.

ლევან ზურაბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ, 2022 წლის თებერვალში სააპელაციომ მას საქმე გადაუკვალიფიცირა, მუხლი შეუმსუბუქა და 7 წელი მიუსაჯა.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალები და უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ, შესაბამისად, არ იცის, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ როგორ უნდა დაისაჯოს კაცი, რომელმაც მძევლები სათამაშო იარაღით აიყვანა?

20 ნოემბერს თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში პირი შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით მან აიყვანა 19 პირი მძევლად.

თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევლის ანგარიშის „ფეისბუკ“-LIVE-ის გამოყენებით საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ის ძირითადად სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვდა და არა კონკრეტული თანხის გადაცემას.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.