განცხადებები აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე
გუშინ, 7 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.
„ამ ქვეყანაში არავინ არის მომხრე ახალი ომის, მეორე ფრონტის. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები და ამას პატივს უნდა ვცემდეთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ ძმათა სასაფლაოზე არ ყოფილან მთავრობის სხვა წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს, 8 აგვისტოს მივა.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს ტვიტერზე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
ომის წლისთავს ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, ხოლო რუს ომის დამნაშავეებს უმკაცრესი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
ასევე ნახეთ
EU-ს წარმომადგენლობა: ვგმობთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ძალების ყოფნასდე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
აგვისტოს ომის მე-14 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიებების დროს მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალი 7-დან 9 აგვისტომდე გადადის საგანგებო რეჟიმზე. ამის შესახებ იუწყება დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
„გეგმის მიხედვით, ხსოვნის ღონისძიებების ჩატარების ყველა ადგილს რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების გამნაღმველები და კინოლოგები სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობისა და გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით შეისწავლიან. გაძლიერდება ყველა სტაციონარული საგუშაგო. 7 აგვისტოს, დილით, საგზაო პოლიციის თანამშრომლები გადაკეტავენ საკათედრო მოედანს", - იუწყება პრესსამსახური.
ოდესის პორტიდან უკრაინული სურსათით დატვირთული მეორე ქარავანი გავიდა
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს დილით, უკრაინული საკვებით დატვირთულმა მეორე ქარავანმა დატოვა ოდესისა და ჩერნომორსკის პორტები – სამი გემი გავიდა ჩერნომორსკიდან და ერთი ოდესიდან. სატვირთო გემებს, რომლებზეც თითქმის 170 ათასი ტონა მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ინახება, გეზი იტალიის, ჩინეთისა და თურქეთის პორტებისკენ უჭირავთ.
"მას შემდეგ, რაც პორტებმა მოახერხეს პირველი ქარავნის ორგანიზაცია, ჩვენ თანდათან გადავდივართ სამუშაოების მასშტაბურ მოცულობებზე. ჩვენ ვგეგმავთ, რათა უახლოეს მომავალში პორტებმა შეძლონ თვეში მინიმუმ 100 გემის გასვლის უზრუნველყოფა", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კურბაკოვმა.
სსრკ-ის დაუძინებელი მტერი ჯინსი
კომუნისტური ეპოქა ჯინსის შარვალს უფრთხოდა, ეშინოდა მისი და ისევე კრძალავდა, როგორც დისიდენტურ ლიტერატურას.
1957 წლის აგვისტოში, ე.წ. დათბობის პერიოდში, მოსკოვში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ასზე მეტი ქვეყნიდან ათასობით უცხოელი ახალგაზრდა ჩავიდა. მათ თან ჩაიტანეს დასავლური ყოფა, მათ შორის ჯინსიც, ჩაიტანეს რა, უბრალოდ ზედ ეცვათ. აქედან დაიწყო ჯინსების პოპულარობა საბჭოთა კავშირში.
ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ მიუხედავად რკინის ფარდისა, ჯინსი მაინც აღწევდა საბჭოთა კავშირში და მისი ჩაცმა პროტესტის ფორმადაც კი აღიქმებოდა.
„ეს არის ცივი ომის პერიოდი, დაპირისპირება კომუნისტურ სამყაროსა და დასავლეთს შორის. მოწინააღმდეგე მხარის სიმბოლოებს დასცინოდნენ, "საფრთხობელად" იყენებდნენ. ასეთი იყო: კოკა-კოლა, ჯაზი, როკი, ჯინსი...“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
რას ერჩოდნენ ჯინსს საბჭოთა კავშირში? გაიგე თეა თოფურიას სტატიიდან.
რაჭა - მხარე, რომელიც აგვისტოს თვეში ხალხით ივსება, მაგრამ წლის დანარჩენი პერიოდი ცარიელი და ახალგაზრდებისგან დაცლილია. ადამიანები, რომლებიც რაჭას მთელი წლის განმავლობაში აცოცხლებენ და ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ მხარის განვითარებაში.