შინდისის გმირთა მონუმენტი კვლავ დაუსრულებელია

სამონტაჟო სამუშაოები მონუმენტზე, 10 აგვისტო, 2022 წელი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების მონუმენტი ამ დრომდე დადგმული არ არის. ძეგლის გახსნამდე საათები რჩება, სამუშაოები კი ისევ გრძელდება. ადგილზე თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის პორტრეტული ქანდაკებიდან 14-ია დამონტაჟებული.

11 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე, შინდისის ბრძოლის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.

იქ, სადაც 2008 წელს შინდისის გმირები დაიღუპნენ, ნუგზარ ჭავჭავაძის პორტრეტული მონუმენტი უნდა დაიდგას. ერთმანეთის მხარში და მხრებზე მდგომმა მებრძოლებმა ხორუმი უნდა მოგაგონოთ, რომელიც ერთიანობის სიმბოლოს შექმნის.

მონუმენტის სამონტაჟო სამუშაოებს ესწრება მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძეც, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ბიჭებიც აქ არიან. კომპოზიცია დილით მზად იქნება, მაგრამ ძეგლის სრულყოფილი სახის მისაცემად კიდევ დრო იქნება საჭირო“, - გვითხრა ნუგზარ ჭავჭავაძემ. შარშან ამ დროს სახელმწიფო ეჭვქვეშ აყენებდა მისი მონუმენტის დადგმის პერსპექტივას.

ასევე ნახეთ ორი პროექტი, ერთი სისხლის სამართლის საქმე და 14 წელი - გაიხსნება წელს გმირების მემორიალი შინდისში?

2021 წლის 11 აგვისტოს შინდისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ, დაუმთავრებელი მემორიალის წინ ჭირისუფლებს და იქ შეკრებილებს ახალი მონუმენტის იდეა გააცნეს და თქვეს, რომ ძველის დემონტაჟს მალე დაიწყებდნენ.

არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ ახალი პროექტის გამოსახულებით ბანერებიც ჩაიტანა - ცისკენ ამართული თეთრი სვეტის ფონზე, კიბეებზე შინდისის გმირები ჩამოდიან.

ასევე ნახეთ შინდისის გმირების უკვდავსაყოფად ახალი მონუმენტი დაიდგმება

შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობისთვის შექმნილ სპეციალურ ფონდში 2011 წლიდან 1 160 000 ლარი იყო ჩარიცხული. აქედან 930 ათასი ლარი თავდაცვის სამინისტრომ გამოყო, კიდევ 230 ათასი ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ და ფიზიკურმა პირებმა. მემორიალის მშენებლობა ფონდის შექმნისთანავე დაიწყო, მაგრამ ვეღარ დასრულდა. ათი წლის შემდეგაც კი, შინდისში ანსამბლის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იდგა - 2 მებრძოლის დაუსრულებელი ქანდაკება.

თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ „შინდისის გმირების მემორიალის ფონდის“ თანამშრომლების შესაძლო თაღლითობის დასადგენად, გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვისთვის დგება. მაგრამ ვითარება ისევ შეიცვალა. დაღუპულთა ნათესავებს ახალი პროექტი არ მოეწონათ და ნუგზარ ჭავჭავაძის იდეის დასრულება მოითხოვეს.

თავდაცვის სამინისტროში გვიდასტურებენ, რომ სწორედ ამიტომ დაუბრუნდნენ ძველი პროექტის იდეას.

Your browser doesn’t support HTML5

შინდისში გმირთა მონუმენტის დადგმა ამ დრომდე არ დასრულებულა

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.