წაიყვანდი მშობელს ხანდაზმულთა სახლში? - თუ საქართველოში მოხუცდი...

შურა მირიანაშვილი, ხანდაზმულთა სახლი "მუხრანის სავანე"

მამამ ისევ დარეკა. იმ დღეს, ალბათ, მეასედ:

გაიყვანე გახარია! დაჟინებით მოითხოვდა.

კოვიდპანდემიის პერიოდი იყო, ტელევიზორში ყოველ მეორე დღეს ჩანდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იმ დღეს, ნანიკო ხაზარაძის ტელეფონზე, დემენციით დაავადებული მამისგან კიდევ არაერთი მსგავსი შინაარსის ზარი გაისმა. მორიგ ჯერზე, როცა ტელეფონმა ისევ დარეკა, ნანიკო მოულოდნელად მანქანაში ჩაჯდა, გზიდანვე მოძებნა ოჯახური ტიპის პანსიონატი, მივიდა სახლში, სასწრაფოდ მოაგროვა მამის ნივთები, მამა მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.

უკან დაბრუნებისას გრძნობდა სინდისის ქენჯნას, უსუსურობას, შიშს, რომ ამას არ აპატიებდნენ, სინანულს და ერთგვარ შვებასაც, რომ რეკვა შეწყდა.

Your browser doesn’t support HTML5

მამა მოხუცთა თავშესაფარშია - ნანიკო ხაზარაძის ამბავი

შემდეგ მან ფეისბუკზე საჯარო პოსტი დაწერა იმ იმედით, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას როგორმე ახსნიდა. ახსნის მცდელობას, ნანიკოს ნათესავების, ახლობლების და უბრალოდ უცნობი ადამიანების მხრიდან, კრიტიკის რთულად გასამკლავებელი ტალღა მოჰყვა, რომელიც თვეები გაგრძელდა.

ორი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე, ნანიკო ამ ამბის მოყოლას ისევ ახსნა-განმარტებით იწყებს, რომ მამა „იქ“ უკეთესად არის, რომ ეს ორივესთვის იყო ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი. დღემდე არ ასვენებს ეჭვი, იქნებ სხვა გზაც არსებობდა? იქნებ, შინ რომ დაეტოვებინა, ეს გზა გამოჩენილიყო? იქნებ გამკლავებოდა ყველა საფრთხეს და სირთულეს, რომელიც ისეთი ადამიანის მოვლას ახლავს, რომელსაც ბევრი რამ აღარ ახსოვს?

„ვერა. ამას მე ვერ შევძლებდი. სევდიანია, მაგრამ ასეა. სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის არაფერი ვიცით ხანდაზმული ადამიანების ცხოვრებაზე. რა სჭირდებათ მათ ან როგორია ეს ე.წ. ღირსეული სიბერე“, - მეუბნება ნანიკო.

ხანდაზმულთა სახლი "მუხრანის სავანე"

ხანდაზმულთა სახლების რიცხვმა ბოლო წლებში, საქართველოში, საგრძნობლად იმატა. ერთ-ერთი მათგანის, „მუხრანის სავანის“ დირექტორს, ნაირა დოლიძეს კარგად ახსოვს, რომ დაახლოებით შვიდი წლის წინ, როცა მან ეს საქმე წამოიწყო და კერძო ბიზნესად აქცია, ასეთი სულ რამდენიმე სახლი არსებობდა. დღეს საქართველოში არაერთი კერძო ასეთი სახლია, (ან თავშესაფარი, როგორც ასევე უწოდებენ ასეთ ადგილებს), სადაც მოხუცები ცხოვრების ბოლო წლებს ატარებენ.

მოხუცთა სახლების რეკლამას ინტერნეტშიც ხშირად შეხვდებით. იქ მოხუცის მოვლა, საშუალოდ, 1000 ლარი ჯდება. ზოგან მეტიც. გააჩნია პირობებს.

იქ მყოფი მოხუცების ერთი ნაწილის მოვლაში ფულს სახელმწიფო იხდის. არიან ისეთებიც, ვის ხარჯებსაც სრულად მათი ოჯახი ფარავს.

ასევე ნახეთ სიბერე ხანდაზმულთა პანსიონატებში

ხანდაზმულთა სახლში მიყვანილი მოხუცების შვილებს, ნათესავებს თუ ახლობლებს, ძალიან ხშირად, ამ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ სურთ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, გვითხრა, რომ „ამის გამო გააკრიტიკებენ, რადგან ხალხი ძალიან სასტიკია“ და ამისთვის მზად არ არის. თავშესაფარში მყოფ დედას ის ორ თვეში ერთხელ ნახულობს: „ის იქ უკეთესადაა, ვიდრე შინ, მარტო ყოფნისას იქნებოდა“.

მარტოობა რომ მოხუცების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს 2021 წლის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) რეგიონულმა კვლევამაც აჩვენა.

ასევე ნახეთ მოხუცები მარტოობის პირისპირ

აღმოჩნდა, რომ მარტოობა ხანდაზმულთა (65-85 ასაკის) 79%-ს აწუხებს. მათი 18% კი „უკიდურეს მარტოობას“ გრძნობს. ეს ფაქტორი, ხშირად იქცევა მოხუცების დემენციით დაავადების წინაპირობად.

სახელმწიფოს კი, ჯერჯერობით, ისევ არ გააჩნია ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩამოყალიბებული პოლიტიკა.

„ოთახები“ - ორი წელი მოხუცებთან

მოხუცთა სახლში ცხოვრების დეტალებს კარგად იცნობს ჟურნალისტი ცირა გვასალია. ერთ-ერთ ხანდაზმულთა სახლში ის თითქმის ორი წელი იღებდა დოკუმენტურ ფილმს „ოთახები“, რომელმაც უფრო მეტ ადამიანს გააცნო თავშესაფრის მიღმა ცხოვრება. ვიოლას, უშანგის და სხვების თავგადასავალი.

კადრი ცირა გვასალიას დოკუმენტური ფილმიდან "ოთახები". ცირა და ვიოლა

ცირა დღეს იხსენებს, რომ მაშინ, ათი წლის წინ, ფეისბუკზე სტატუსიც კი დაწერა - მეგობრებს ეკითხებოდა, თუ გაუშვებდნენ მშობლებს ასეთ ადგილას. მის საჯარო სტატუსს ბევრი აღშფოთებული ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა წერდა, რომ ასეთ რამეს არასოდეს იზამდა. მაშინ ცირაც მათ აზრზე იყო.

„მეც ეს განწყობა მქონდა, რომ არასოდეს წავიყვანდი მშობლებს მოხუცთა თავშესაფარში. ამას, რომც დაგვჭირდეს, არც ახლა ვიზამთ ჩემი ძმა და მე, მათ გულს არ ვატკენთ, მაგრამ თუ მე დამჭირდება იგივე, როცა ასაკი მომემატება, თუნდაც ოჯახი, შვილი მყავდეს, არ მგონია, ეს ჩემთვის პრობლემა იყოს. თუ აქ მარტო ვიქნები, ვერ ვიმუშავებ, არც მეგობარი მეყოლება... იქაურობას ავირჩევდი“.

ელოდა, რომ იქ ძალიან სევდიანი გარემო დახვდებოდა. პირველ ჯერზეც ამ განწყობით მივიდა. სევდაც დახვდა და მოხუცების გულისწყვეტაც, რომ მათი ცხოვრება ისე არ წავიდა, როგორც ახალგაზრდობაში წარმოედგინათ, მაგრამ, როგორც ცირა იხსენებს, ამის მიღმა თავშესაფარი ცხოვრობდა სავსე, აქტიური ცხოვრებით - მოხუცები მეგობრობდნენ, ზოგი შეყვარებულიც იყო. იბუტებოდნენ, კამათობდნენ... ერთად აღნიშნავდნენ დღესასწაულებს. მათ იქ ჰყავდათ თანამოაზრეები. ერთმანეთი.

ცირა და უშანგი სელფებს იღებენ

„ამას ვხედავდი თითქმის 2 წლის განმავლობაში, მაგრამ თან სულ მეფიქრებოდა, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, სახლში რომ დარჩენილიყვნენ? და დღეს მაინც მგონია, რომ ისინი ხანდაზმულთა სახლში უკეთ იყვნენ, რადგან როცა საქართველოში ბერდები, აღარც ფული გაქვს, რომ სავსე ცხოვრება გქონდეს, არც ჯანმრთელობა, არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სოციალური სერვისები, რომ ხანდაზმულთა ადამიანმა თავი არ იგრძნოს მარტოდ, მიტოვებულმა“, - მიყვება ცირა გვასალია.

იძებნება „მშვიდი, ღირსეული სიბერე“

თუკი საქართველოში ხანდაზმულთა უფლებების შესწავლის მიზნით ჩატარებულ, რამდენიმე საჯაროდ ხელმისაწვდომ კვლევას გადახედავთ, ნახავთ, რომ მოხუცების ცხოვრება ამ ქვეყანაში ინერციით მიდის - სახალხო დამცველის ბოლო, 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც შეხვდებით ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში „ისევ არ არსებობს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტის - „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების მექანიზმი“. 2018 წლის შემდეგ, კონცეფციის შესრულების სამოქმედო გეგმა არც დაწერილა.

ხანდაზმული პირების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 20% დღეს სწორედ 65 და უფროსი ასაკის ადამიანია.

ამავე ანგარიშში, მოხუცთა თავშესაფრების საკითხიც მოხვდა და ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ მათ ნაწილში საერთოდ არ არის დაცული საერთაშორისო სტანდარტები. ზოგიერთ მათგანში კი დახვდათ ისეთი პირობები, რასაც პირდაპირ ღირსების შემლახველი უწოდეს. ასეთი იყო, მაგალითად, „წნორის ხანდაზმულთა სავანე - ბეთელი“.

2022 წლის ივნისში, იქ 21 ხანდაზმული ცხოვრობდა. მათგან 17-ის მომსახურებას აფინანსებდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და, როგორც ომბუდსმენი წერდა, სწორედ ეს სახელმწიფო ორგანო იყო პასუხისმგებელი მოხუცების საცხოვრებელი მდგომარეობის კონტროლზეც და მათთვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან ღირსეული პირობების შექმნაზეც.

მოხუცები ცხოვრობდნენ მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში. მთელ შენობაში იდგა გაუსაძლისი, მძაფრი სუნი, არანაირი ყურადღება არ ექცეოდა მათ ჰიგიენას. უმეტესობას ეცვა ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი. მოხუცები ვერ იბანდნენ. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, ამ წელს საერთოდ არ მიბანავიაო. სველ წერტილებში საშინელი ანტისანიტარია იყო.

ამ დაწესებულებიდან მოხუცები მოგვიანებით სხვადასხვა თავშესაფარში გადაიყვანეს.

როგორც თავად გვიამბო, სწორედ წნორიდან მიიყვანეს "მუხრანის სავანეში" 68 წლის ბიძინა გოგოლაშვილიც.

ბიძინა, ხანდაზმულთა სახლი "მუხრანის სავანე"

მუხრანის სავანეში

„რას ამბობთ. რომ მითხრა წადიო, აქედან ფეხს აღარ მოვუცვლი - ამბობს ბიძინა, - ასეთი ადგილი ძნელი საპოვნელია. თან აღარც სახლი მაქვს“... და მერე თავისი ამბის თხრობას იწყებს. როგორ ცხოვრობდა ჯერ თელავში, მერე წნორში, როგორი აირია ერთ დღეს მისი ცხოვრება. როგორ გახდა ავად.

მეორე სართულზე კაცების ოთახებია. ზოგი მწოლიარეა და გარეთ იშვიათად გამოდის, ზოგი აივანზე ზის, ზოგს ახალი ამბები აინტერესებს და ტელევიზორს შეჰყურებს, ორნი ნარდს თამაშობენ.

კორნელი კორკელია მარტო ზის დიდ ოთახში.

კორნელი, ხანდაზმულთა სახლი "მუხრანის სავანე"

„სიბერე რა არის? უნდა მიხვდე, რომ დროებით ხარ ამ ქვეყანაზე და კარგი უნდა გააკეთო“,- კორნელი იხსენებს, რომ მთელი ცხოვრება მაშველი იყო, - რამდენი ადამიანი მეყოლება გადარჩენილი, ვინ იცის“.

სევერიან შოთაშვილი 83 წლისაა. თავშესაფარში რომ მოიყვანეს, ფეხზე ვერ დადიოდა. ახლა გაჭირვებით, მაგრამ თავისით დადის. „ბევრი დარდი გამოვიარე“, - მეუბნება. უდარდელ მოხუცს ასეთ სახლებში იშვიათად შეხვდებით.

ერთმანეთის ამბები სულ ზეპირად იციან. თუ თხრობისას ვინმეს რამე გამორჩება, მეორე აუცილებლად შეახსენებს - "ესეც მოყევი".

სევერიანი, ხანდაზმულთა სახლი "მუხრანის სავანე"

შურასთან იყავით? - ერთ-ერთი გვეკითხება, - იქაა. დერეფნის ბოლო ოთახისკენ იშვერს ხელს.

შურა მირიანაშვილი წევს. სუსტადაა, მაგრამ ჩვენს დანახვაზე დგება.

„აქ კი კარგია, მაგრამ სახლში მინდა. დედა მენატრება“.

პირველ სართულზე ქალები არიან. მათ შორის, დარეჯან მენაბდიშვილი და თინა ელკანაური. დარეჯანი ცოტა ხნის წინ მივიდა თავშესაფარში, მისივე თხოვნით მიიყვანა იქ სოციალურმა სამსახურმა. თბილისში, ქირით ცხოვრობდა, მაგრამ მას მერე, რაც ხელი დაუზიანდა, თავის მოვლა და მარტო ყოფნა გაუჭირდა.

„დავრეკე, მომეპატრონეთ-მეთქი, ქალი ვარ. დაბანა მინდა, დარეცხვა. აქ გადმომიყვანეს. ასე მგონია, ჩემს საკუთარ ეზოში ვარ. სოფელში ზუსტად ასეთი ეზო მქონდა“.

დარეჯანი, ხანდაზმულთა სახლი "მუხრანის სავანე"

თინა „მუხრანის სავანის“ ერთ-ერთი ყველაზე „სტაჟიანი“ ბინადარია. ჰყვება, რომ სამი შვილი ჰყავს, მაგრამ მის სანახავად იშვიათად მიდიან.

„მეც მქონდა თქვენნაირი ტელეფონი, მაგრამ ჭაში ჩამივარდა. აი, ფულს რომ მოვაგროვებ, ვიყიდი და ინტერნეტში ვნახავ. ფეისბუკში“, - ამბობს თინა.

თინა, ხანდაზმულთა სახლი "მუხრანის სავანე"

ნაირა დოლიძე ამ ხანდაზმულთა სახლის დირექტორიც არის, მზარეულიც. მოხუცების მომვლელიც და მათი მთავარი მსმენელიც. ამ საქმეში მას ოჯახის წევრებიც ეხმარებიან. რამდენიმე თანამშრომელიც ჰყავს.

„ყველა ვერ უძლებს. არ არის იოლი საქმე, ამიტომ მიდიან ხოლმე“, - გვეუბნება ნაირა და იხსენებს, როცა შვიდი წლის წინ მოხუცთა სახლის გაკეთების იდეა გაუჩნდა, როგორ ეუბნებოდნენ ოჯახის წევრები, რომ ამ რთულ საქმეს შეშვებოდა. როგორ არ დათმო.

„ახლა ეს ჩემი საქმეც არის და ჩემი პატარა მისიაც. თუ რაღაც იდეის არ გჯერა, ამ საქმეს ვერანაირი შემოსავლის ფასად ვერ გაუძღვები. მხოლოდ მოხუცთა მოვლა ხომ არ არის, მათ სულ უნდა უსმინო. არც ამას სჭირდება პატარა ენერგია“.

მაგრამ ნაირა ამბობს, რომ ენერგია უკან უბრუნდება. ამ ენერგიას და მადლიერებას განსაკუთრებით მაშინ გრძნობს ხოლმე, როცა ჭიშკარს აღებს და თბილისში საყიდლებზე ან სხვა საქმეზე მიდის:

„ვისაც შეუძლია, აქ დამწკრივდებიან ხოლმე და პატარა ბავშვებივით ელიან ჩემს დაბრუნებას. ამას ვგრძნობ და რომ მგონია, რომ დავიღალე, ისევ თავიდან ვიწყებ“.

ნაირა დოლიძე, "მუხრანის სავანის" დირექტორი

ნაირა დოლიძე კარგად იცნობს თავისი მოხუცების ხასიათებს და გვეუბნება, რომ რაც უნდა კარგად გრძნობდნენ თავს მასთან, ყველას, ალბათ, მაინც შინ ყოფნა ურჩევნია, თავშესაფარში ცხოვრებას კი გულის სიღრმეში ყველა განიცდის.

როცა მოხუცი ხარ და თან, ღარიბიც

მაინც რატომ ხვდებიან მოხუცები ხანდაზმულთა დაწესებულებებში?

ამ კითხვაზე პასუხს სცემს 2017 წლის კვლევა, რომელიც ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა მოამზადა.

საქართველოს 5 ქალაქის 8 თავშესაფარში გამოკითხული 38 ხანდაზმული ადამიანიდან, თითქმის არცერთ რესპონდენტს არ ჰქონდა საკუთრება - მათი ბინა/სახლი ან გაიყიდა, ან მიისაკუთრეს, ან თავად გადასცეს ოჯახის სხვა წევრებს. დაზარალებულთა უმრავლესობა ქალი იყო. მოხუცები ხშირად ჩიოდნენ შვილების უყურადღებობასა და „ცუდ მოპყრობაზეც“.

Your browser doesn’t support HTML5

მოწყენილი მოხუცები

უმრავლესობა თავშესაფარში საკუთარი ნებით წავიდა, თუმცა მათი ნაწილი მაინც ამბობდა, რომ რცხვენოდათ ხანდაზმულთა სახლში ცხოვრების.

ეს კი ის რამდენიმე ძირითადი მიზეზია, რის გამოც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს:

  • საკუთარი საცხოვრებლის არქონა;
  • მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა (სიღარიბე);
  • ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  • შევიწროება (abuse) ოჯახის წევრების მხრიდან;
  • ოჯახისგან გაუცხოება (რესპონდენტების განცდა, რომ ისინი ზედმეტები არიან ოჯახის წევრის/ნათესავის ოჯახში).

სად მიდის ევროპა და სად (ვერ) მიდის საქართველო?

ევროპის ქვეყნებში, სადაც დიდი ხანია არსებობს ხანდაზმულთა სახლები, ბოლო წლებში პოლიტიკის შეცვლას იმგვარად ცდილობენ, რომ ასაკში შესულ ადამიანებს მათთვის საჭირო ყველა სერვისი სახლში მიაწოდონ - მიზანია, რომ ადამიანები მათთვის ჩვეულ გარემოში დაბერდნენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში, ადამიანებს იმდენად ვერაფერს ვთავაზობთ მათ საცხოვრებელ ადგილზე, რომ ხანდაზმულთა სახლი ხანდახან მათთვის ერთადერთი გამოსავალია ხოლმე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

რადგან ხანდაზმულთა მიმართ პოლიტიკის შემუშავების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას არაერთი რეკომენდაცია სწორედ გაეროს მოსახლეობის ფონდმა მისცა, ლელა ბაქრაძეს ვკითხეთ, შესრულდა თუ არა ეს რეკომენდაციები ან რა შეცვალა სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოკონვენციამ დაბერების შესახებ, რომელიც 2016 წელს მომზადდა, ხოლო შემდგომ ორწლიანი სამოქმედო გეგმაც დაიწერა.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

როგორც ირკვევა, დღეს ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოვარდნილია. ის ორი წელი მიიწურა, ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალნენ ხელმძღვანელი პირები. შედეგად კი გვაქვს ის, რომ „ამ კუთხით საქართველოში არაფერი გვაქვს“.

ერთი, რაც ლელა ბაქრაძეს აძლევს იმედს, არის ის, რომ ადამიანის უფლებების სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც მალე უნდა დამტკიცდეს, გაჩნდა ცალკე თავი ხანდაზმულთა უფლებების შესახებ.

„ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები და სამუშაო ვერსიაში ეს ჩაიწერა. თუ არაფერი შეიცვლება და ხანდაზმულთა უფლებების თავი მოხვდება ამ სტრატეგიაში, ეს უკვე გააჩენს ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს“.

Your browser doesn’t support HTML5

რას ფიქრობს ხალხი: როგორ წარმოგიდგენიათ ღირსეული სიბერე?

ლელა ბაქრაძემ ასევე გვითხრა, რომ 2022 წლის ივნისში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალის ფარგლებში, მთავრობებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც კომისიას ევალება განაახლოს მადრიდის 2002 წლის ცნობილი სამოქმედო გეგმა დაბერებასთან დაკავშირებით და შეცვალოს გარკვეული მიდგომები, რადგან განვითარებულ საზოგადოებებში უკვე ყოველი მეოთხე ადამიანი არის ხანდაზმული.

ეს დრო, როგორც ლელა ბაქრაძე გვეუბნება, მალე დადგება საქართველოშიც:

„ეს ცვლილებები საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მოხუცებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, არამედ იმისთვისაც, რომ ქვეყანამ განვითარებისთვის მათი ადამიანური კაპიტალიც გამოიყენოს“.

ცვლილებები კი იმას გულისხმობს, რომ:

  • ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს თავისი მოქალაქეების აქტიურ და ჯანმრთელ დაბერებას - ეს ზრუნვა მათ ახალგაზრდობაშივე უნდა დაიწყოს;
  • ადამიანებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ხანგრძლივი ზრუნვის სერვისებზე;
  • და მესამე - დაბერების ე.წ. მეინსტრიმინგი ყველა სფეროში, რაც მაგალითად, გულისხმობს სამუშაო წლების გახანგრძლივებას - არჩევანის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს. ან იმას, რომ ისინი მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქნება ეს სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრება.

ჯერჯერობით, ერთადერთი ნაბიჯი, რაც ლელა ბაქრაძის აზრით, ხანდაზმულთა უფლებების გაუმჯობესების მხრივ საქართველოში გადაიდგა, დაგროვებითი პენსიის სისტემის შექმნაა, რაც სიბერეში ფინანსური უსაფრთხოების ერთ-ერთ მექანიზმია.

„სხვა საკითხია, რომ ის კარგად უნდა იყოს მართული, რომ მოგება მოიტანოს და ა.შ. მაგრამ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, რაც „ღირსეულად დაბერების“ გარანტიებს შექმნის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - უთხრა ლელა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.