ხუთშაბათს უკრაინაში გაიმართება მოლაპარაკებები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის ლიდერის, რეჯეპ ერდოანისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მონაწილეობით.
გაეროს ცნობით, გუტერეში უკრაინაში ვიზიტისას ლვოვს მოინახულებს. იქვე გაიმართება მისი შეხვედრა ზელენსკისთან და ერდოანთან. პარასკევისთვის დაგეგმილია გუტერეშის გამგზავრება ოდესაში. ამის შემდეგ ის თურქეთს ეწვევა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი არაერთხელ ცდილობს, შუამავლის როლში გამოვიდეს უკრაინის კონფლიქტში. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საკითხში ანკარის როლს გადამწყვეტად მიიჩნევენ. 5 აგვისტოს ერდოანი სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამ მომენტისთვის ეს მათი მეორე შეხვედრა იყო ერთ თვეზე ნაკლები დროის მონაკვეთში.
ასევე ნახეთ რით ჩავიდა და რას ჩაიტანს სოჭიდან რეჯეპ ტაიპ ერდოანი?როგორც გუტერეშის პრესმდივანი იტყობინება, ლვოვში მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ ვითარებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, ასევე რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრის შესაძლებლობებს.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, რომელიც უდიდესია ევროპაში. სადგური რუსეთის ჯარებს უკავიათ მას შემდეგ, რაც ისინი თებერვლის ბოლოს შეიჭრნენ უკრაინაში. აეს-ში უკრაინული ტექნიკური პერსონალი განაგრძობს მუშაობას.
ვლადიმირ ზელენსკიმ ორშაბათს მოსკოვს „ბირთვულ ტერორიზმში“ დასდო ბრალი. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართულ სატელეფონო საუბარში ილაპარაკა. ზელენსკი რუსეთის ბირთვული მრეწველობის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს ზაპოროჟიეს აეს-ისთვის ცეცხლის გახსნის გამო.