Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით ჩავიდა და რას ჩაიტანს სოჭიდან რეჯეპ ტაიპ ერდოანი? 


რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან. სოჭი. 5 აგვისტო
რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან. სოჭი. 5 აგვისტო

5 აგვისტოს სოჭში მორიგი სამუშაო ვიზიტით ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა არაერთი მადლობა დაიმსახურა ვლადიმირ პუტინისგან, რომლისთვისაც ნატოს წევრ თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტიური დასავლეთის მხრიდან მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის ფონზე.

„თქვენი უშუალო მონაწილეობით და გაეროს გენერალური მდივნის შუამავლობით გადაწყდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხი“, - განაცხადა პუტინმა სოჭში ერდოანთან მოლაპარაკებების დაწყების წინ.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმაც მადლიერებით ახსენა ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე რუსეთის პროექტით მშენებარე ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუს“ მშენებლობა და ყურადღება გაამახვილა ობიექტის დადგენილ ვადებში დასრულების მნიშვნელობაზე.

პუტინთან ტრადიციულ განსახილველ სხვა საკითხებს შორისაა ვითარება სირიაში. ერდოანისათვის, რომელსაც წინ საკმაოდ რთული არჩევნები ელოდება, მნიშვნელოვანია მცირე მასშტაბის გამარჯვების შენარჩუნება სირიაში, რაც ირანისა და რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება.

„მკაფიო გზავნილი“ ბულგარეთის, თურქეთის, რუმინეთისა და საქართველოსთვის

ანკარისთვის ასევე უსიამოვნებად იქცა სოჭში შეხვედრამდე 5 დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ „რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინის“ მიღება, რომლის თანახმად, შავი და აზოვის ზღვები რუსეთის ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფისათვის გადამწყვეტ გეოპოლიტიკურ რეგიონებად გამოცხადდა.

რუსეთის საზღვაო ძალების დღეს, 31 ივლისს, სანქტ-პეტერბურგსა და კრონშტადტში გამართული საზღვაო აღლუმის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის საზღვაო დოქტრინის“ მიღების შესახებ გამოაცხადა. დოკუმენტში მონიშნულია „რუსეთის ეროვნული ინტერესების საზღვრები და ზონები“, როგორებადაც რუსეთის პრეზიდენტმა მოიხსენია არქტიკის აკვატორია, შავი, აზოვის, ოხოტისა და ბერინგის ზღვების წყლები, ბალტიისა და კურილის სრუტეები.

ახალი დოქტრინა, შავ და აზოვის ზღვებს რუსეთის ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფისათვის გადამწყვეტ გეოპოლიტიკურ რეგიონებად აცხადებს. ეს, რა თქმა უნდა, ნათელი გზავნილია ბულგარეთისთვის, საქართველოსთვის, რუმინეთისთვის და, პირველ რიგში, თურქეთისთვის, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს, და შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების უმეტეს ნაწილს აკონტროლებს.

იმავე დღეს ანკარისათვის რუსეთიდან კიდევ ერთი ცხადი მინიშნება გაკეთდა - რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სანქტ-პეტერბურგის საადმირალოში გახსნა ბარელიეფი, რომელიც 1853 წელს სინოპის ბრძოლაში თურქულ ესკადრილიაზე რუსეთის ფლოტის გამარჯვებას ეძღვნება.

თუმცა თურქეთისთვის, რომელიც საგარეო პოლიტიკაში „ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლის“ პრინციპით მოქმედებს, საგარეო-პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია. ასეთ პრიორიტეტს თურქეთისთვის წარმოადგენს როგორც სირიაში მცირე ძლევამოსილი ომის მოგება, ისე თურქეთის სატრანსპორტო ჰაბად ქცევა საერთაშორისო სასურსათო კრიზისის ფონზე.

სირიის კარტი შიდა პრობლემების გადასაფარავად

პირველის შემთხვევაში, თურქეთმა მცირე წარმატებას სირიაში მიაღწია და ადგილობრივი პროთურქული, ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმების, მათ შორის, „სირიის ეროვნული არმიის“ მხარდაჭერით შეძლო სირიის ტერიტორიის თითქმის 10 პროცენტის დაკავება. მაგრამ ირანისა და რუსეთის ლიდერებმა, ებრაჰიმ რაისმა და ვლადიმირ პუტინმა, 19 ივლისს გამართულ სამმხრივ სამიტზე, გავრცელებული ინფორმაციით, დაჟინებით მოუწოდეს რეჯეპ ტაიპ ერდოანს, შეურიგდეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და გაათავისუფლოს სამხედრო ოპერაციით დაკავებული სირიის ტერიტორიები.

არადა, სირიის ომი ახლა თურქეთის პრეზიდენტისთვის მთავარი თემაა, რადგან მას სასწრაფოდ სჭირდება საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებები მომავალი არჩევნების წინ. შესაბამისად, ექსპერტების თქმით, ერდოანი მომავალშიც შეეცდება სირიის კარტის გათამაშებას შიდაპოლიტიკური პრობლემების გადასაფარავად.

„19 ივლისს, თეირანში, "ასტანის ფორმატის" გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს პუტინის, ერდოანისა და რაისის შეხვედრა, რომელშიც სამი ქვეყანა სირიაში "გავლენის ზონების" გაყოფაზე შეთანხმდა. მაგრამ მორიგ სიტყვებს თანამშრომლობის მიმართულებით არანაირი გარღვევა არ მოჰყოლია. დღეს არსებული ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის მთავარმა სამხედრო მხარდამჭერებმა - რუსეთმა და ირანმა თურქეთს" მწვანე შუქი" არ აუნთეს იქ მორიგი ოპერაციის ჩასატარებლად. ეს ნიშნავს, რომ თუ თურქეთი ამას თავისით დაიწყებს, მის შეიარაღებულ ძალებსა და მის მოკავშირე მეამბოხეებს შეტაკება მოუხდებათ არა მხოლოდ სირიაში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ძალასთან, არამედ სხვადასხვა პროირანულ ფორმირებასთან, ასევე სირიის სამთავრობო ძალებთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამხედრო ანალიტიკოსმა და თურქეთის საკითხების ექსპერტმა მიხაილ შერეშევსკიმ.

ივლისის ბოლოს რუსეთის მოკავშირე სირიამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

მეტიც, თეირანში გამართული შეხვედრიდან მალევე სირიაში ვითარება კვლავ მკვეთრად დაიძაბა. ასადის რეჟიმმა და რუსულმა სამხედრო კონტინგენტმა გააძლიერეს თავდასხმები იდლიბსა და მეზობელ პროვინციებზე. ამავე დროს, თურქეთის მოკავშირეებმა დაიწყეს გადაჯგუფება ამ მხარეში და დაბომბეს ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. საბოლოოდ, თურქეთმა და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთული ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებების დაბომბვა გააძლიერეს. შედეგად, არა მხოლოდ სირიის შესახებ რუსეთ-თურქეთ-ირანის შეთანხმება არ გამოდგა შედეგიანი, არამედ პირიქით, თეირანში არცთუ ისე წარმატებულმა მოლაპარაკებებმა სიტუაციის გამწვავება გამოიწვია.

„თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს კიდევ ერთი ახსნა - ყველა მხარე აგრძელებს მოლაპარაკებას იმ ენაზე, რომელიც, ზოგადად, მიღებულია ახლო აღმოსავლეთში, სადაც სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირების გარეშე არაფერი ხდება. ორივე ეს ახსნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ასეა თუ ისე, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სირიაში კონფლიქტის ახალი ესკალაცია არ მოხდება. სწორედ იმიტომ, რომ ზოგადად, თურქეთსა და რუსეთს შორის სირიის თაობაზე მიღწეული ყველა შეთანხმება ცუდად მუშაობს“, - დასძენს მიხაილ შერეშევსკი.

ბოლო დროს, რეჯეპ ტაიპ ერდოანის საქმეები თურქეთის შიგნით სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის: მზარდი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გარდა, ქვეყანაში მუდმივად ჩნდება ახალი სკანდალები, რაც გავლენას ახდენს თურქეთის პრეზიდენტის რეიტინგზე. თუმცა, გარეგნულად ის ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. მისი ხასიათისა და მსოფლმხედველობის ერთ-ერთი თვისება, რომლითაც ერდოანი ძალიან ჩამოჰგავს რუსეთის პრეზიდენტს, არის ის, რომ ორთავესთვის „გეოპოლიტიკა“ და „ქვეყნის პრესტიჟი მსოფლიო სცენაზე“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საშინაო პოლიტიკის ისეთი „წვრილმანები“, როგორიცაა ინფლაცია, მშპ-ს დაცემა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდა.

ამ კონტექსტში ერდოანი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე რუსეთის პროექტით მიმდინარე „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, რომელმაც თურქეთის მიერ მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის 10 % უნდა გამოიმუშაოს.

„მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესში, რომელიც „აკუიუში“ გრძლდება, არ მოხდეს არანაირი შეფერხება, რათა მთელი ეს მუშაობა გაგრძელდეს გრაფიკით და დასრულდეს გეგმის თანახმად. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა 5 აგვისტოს პუტინთან შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

„რყევები“, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება

შესაბამისად, მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის თაობაზე 22 ივლისს მიღწეული სტამბოლის შეთანხმება მნიშვნელოვანია თურქეთისთვისაც იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო უკრაინიდან მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის ტრანსპორტირების შეწყვეტამ სერიოზული სასურსათო კრიზისი შექმნა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და პოლიტიკური არასტაბილურობით ემუქრება მთელ რეგიონს.

„გარდა თავად თურქეთში განხორციელებული ექსპორტისა, უკრაინა ადრე საჭირო ხორბლის 70-80%-ს აწვდიდა ლიბანს, ხოლო დაახლოებით მარცვლეულის ნახევარს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ტუნისი და ლიბია, ხოლო საჭირო ხორბლის დაახლოებით მეოთხედს - ეგვიპტეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მარცვლეულის ექსპორტის შეფერხების გამო ამ ქვეყნებში უდიდესი პრობლემა შეიქმნა მოსახლეობის სურსათით მომარაგების მხრივ. ხორბალი მსოფლიოში იშოვება, მაგრამ ფასი მაღლა ავარდა, ხოლო უკრაინის გარეშე საჭიროა ახალი ლოგისტიკური ჯაჭვის შექმნა, რაც ძალიან ძვირი ღირს.

ამასთან, მთავრობების მიერ კვების პროდუქტების ფასების სუბსიდირება ახლო აღმოსავლეთში შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. გვახსოვს, რომ სწორედ პურზე ფასების მატებამ გამოიწვია 2011 წელს „არაბული გაზაფხული“. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს ვსაუბრობთ ისეთ გიგანტურ ქვეყნებზე, როგორიცაა 106-მილიონიანი ეგვიპტე და ლიბანი, რომელიც დიდი ხანია შიმშილობს. თუ იქ დაიწყება ახალი „არაბული გაზაფხული“, ეს გამოიწვევს უდიდეს რყევებს რეგიონში და შემდეგ ძალიან სწრაფად მთელ პლანეტაზე. აქ თურქეთი, რომელიც შუამავლის როლს თამაშობს, შესაძლოა, გადაიქცეს მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად მთელი მუსლიმანური აღმოსავლეთისათვის პურის მიწოდების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რასაც ანკარისთვის კოლოსალური საგარეო-პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება“, - ამბობს მიხაილ შერეშევსკი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან, პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ გაემგზავრა დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.

საკოორდინაციო ცენტრმა უკრაინიდან საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნით გასვლის ნება დართო კიდევ 3 გემს. გაეროს ინფორმაციით, დღეს დილიდან, ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან გავლენ, საერთო ჯამში, 58 ათას ტონაზე მეტი სიმინდით დატვირთული გემები: Navistar-ი, Polarnet-ი, Rojen-ი. მათ ტვირთი უნდა ჩაიტანონ ირლანდიაში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში. დანიშნულების ადგილებისკენ გზის გაგრძელებამდე, გემები გაჩერდებიან სტამბოლში, სადაც მათ შეამოწმებენ გაეროს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები.

მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად შეუფერხებელი იქნება ეს პროცესი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების ფონზე.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ, საერთო ჯამში, უკრაინის პორტებში იმყოფება 68 გემი 1.2 მილიონი ტონა ტვირთით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ელოდებიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG