ვატიკანმა დუგინას დაღუპვაზე რომის პაპის სიტყვები განმარტა

პაპი ფრანცისკე

ვატიკანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას დაღუპვასთან დაკავშირებით, რომის პაპის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო გამოწვეულ კრიტიკასთან დაკავშირებით.

ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაც შეეხება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები მკაფიო და ცალსახაა, ის გმობს "მორალურად გაუმართლებელ, დაუშვებელ, ბარბაროსულ, უაზრო, საზიზღარ და მკრეხელურ ომს".

კრიტიკოსები თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამბობდნენ, რომ პაპი ფრანცისკე თავის მორალურ ავტორიტეტს რისკავს, როდესაც არ კიცხავს ვლადიმირ პუტინს და ინარჩუნებს ვატიკანის ძველ პოლიტიკას მიუმხრობლობის თაობაზე, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში წმინდა საყდრის კონსტრუქციული როლის შესრულების მოლოდინში. წერს The New York Times-ი. ამდენად ვატიკანის დღევანდელი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით რომის პაპის პოზიციის გამოსახატად იყო გამიზნული.

ასევე ნახეთ რომის პაპი გმობს რუსეთის სისასტიკეს უკრაინის წინააღმდეგ ომში

მას შემდეგ რაც რომის პაპმა თავის ქადაგებაში დარია დუგინას დაღუპვა მოიხსენია, რომლის ორგანიზებაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვატიკანის ელჩი დაიბარეს, ფრანცისკეს განცხადების გამო იმედგაცრუების გამოსახატად.

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და რუსეთის შეჭრიდან ექვსი თვის თავხე მორწმუნეებისადმი მიმართვაში, ფრანცისკემ სხვა საკითხებზე საუბართან ერთად თქვა: „ვფიქრობ იმ საბრალოზე გოგოზე, რომელიც მოსკოვში მისი მანქანის სავარძლის ქვეშ ბომბის აფეთქებით დაიღუპა, ომის საზღაურს იხდიან უდანაშაულოები“.

ვატიკანი თავის განცხადებაში ფრანცისკეს სიტყვებს ასე განმარტავს: „ამ დრამატულ თემაზე წმინდა მამის სიტყვები უნდა წავიკითხოთ როგორც ადამიანის სიცოცხლის და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად ამაღლებული ხმა და არა პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა“.

  • რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, 29 აგვისტოს გამოაცხადა, რომ დაადგინა „უკრაინული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის“ კიდევ ერთი წევრი, 1978 წელს დაბადებული ბოგდან ციგანენკო, რომელმაც დარია დუგინას „მკვლელობა მოამზადა“.
  • 20 აგვისტოს, მოსკოვში აფეთქდა ავტომანქანა, რომელსაც რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია მართავდა;
  • 21 აგვისტოს, დუგინას ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“;
  • 22 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია და მკვლელობაში ეჭვმიტანილია უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკი, რომელიც 12 წლის შვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა, ავტომობილის აფეთქების შემდეგ კი, ფსკოვის გავლით ესტონეთში გაემგზავრა.
  • რუსეთი დუგინას მკვლელობაში ბრალს სდებს უკრაინის სპეცსამსახურებს, რასაც კიევში უარყოფენ.