პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ვალდებულების შესრულების შედეგად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს

ბრიუსელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეი.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის.

როგორც საქართველოს მტავრობის ადმინისტრაცია იუწყება, განცხადებით, ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ საბჭოს მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმა მალევე წარმოადგინა. მისი თქმით, სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, ქვეყანა წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებში იქნება საქართველოს ამბიციური რეფორმის სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი.

ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა საქართველოს ამბიციური გეგმების შესრულებაში შეტანილი პირადი წვლილისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ასევე ნახეთ 12 ნაბიჯი კანდიდატის სტატუსამდე - კრიზისული ეტაპი, დაპირისპირება მესამე სექტორთან

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.