კალათბურთში ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატიც ტრიუმფით დაასრულა. გუნდმა, რომელმაც წლევანდელი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში ჩაატარა, ბერლინში გამართულ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ანგარიშით 88:76.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა სულ ცხრა თამაში გამართა და აქედან მხოლოდ ერთი წააგო - თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბელგიასთან. ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებმა საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთსა და მონტენეგროს აჯობეს. პლეი ოფში კი, ფინალის გზაზე ლიეტუვა, ფინეთი და გერმანია ჩამოიშორეს.

ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშედ ესპანელი ვილი ერნანგომესი დასახელდა. შეჯიბრების სიმბოლურ ხუთეულში კი მასთან ერთად მოხვდნენ თანაგუნდელი ლორენსო ბრაუნი, ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო, ფრანგი დენის შრიოდერი და ფრანგი რუდი გობერი.

ევროპის ჩემპიონატი 1 სექტემბერს დაიწყო. შეჯიბრების მონაწილე ოცდაოთხი ქვეყნის ნაკრებები თავიდან ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თბილისში, პრაღაში, მილანსა და კიოლნში გაიმართა. შემდეგ კი, თექვსმეტმა საუკეთესო ნაკრებმა, მედლებისთვის ბრძოლა ბერლინში გააგრძელა.

ასევე ნახეთ

ბოლო ადგილი ჯგუფში - საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჯგუფში ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო (თურქეთთან) და ბოლო - მეექვსე ადგილი დაიკავა.