1993 წლის შემოდგომის თვითმხილველები - რეპორტაჟი ჭუბერიდან 

კლარა ცინდელიანი. ჭუბერი

„აი, ამ მთის იქით აფხაზეთია“, - გვეუბნებიან ჭუბერში. „აი, ეს მთაჭუბერელების უკანა ეზოა, იმის იქით კოდორის ხეობა იწყება. 1993 წლის შემოდგომას ლახამის თემის გადმოსასვლელიდან სოფელს მოულოდნელად ათასობით ადამიანი მოაწყდა. აფხაზეთიდან დევნილები მოდიოდნენ.

მარმარილოს მთა, ჭუბერი.

სექტემბრის ბოლო რიცხვებში, განსაკუთრებით კი სოხუმის დაცემის შემდეგ, დევნილების დიდი ნაწილი საკენი-ჭუბერის უღელტეხილს დაადგა. 100-120 ათასი ადამიანი რამდენიმე დღე ალპურ ზონაში, ღია ცის ქვეშ მოდიოდა, მოხუცები, ბავშვები, დაჭრილები... ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც მათ უმასპინძლეს, ჭუბერი იყო.

ნატო სუბარი: „თავიდან 11 მოვიდა, თბილისელი ბიჭები, „მაიაკთან“ ვიბრძოდითო. სოხუმის დაცემის კადრებს ამ სახლში უყურეს. ყველანი ტიროდნენ. შემდეგ დაიწყო და დაიწყო, 28-ში უკვე 6 ვერტმფრენი იდგა სკოლის ტერიტორიაზე. ვინც ამ ვეტმფრენით ჩამოიყვანეს, ჰო კარგი და ვინც არა, ფეხით მოდიოდა საცოდავად.

ნატო სუბარი

მანამდე სოფელი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, შემოდგომა იყო, ქორწილები. ქორწილში ვიყავი ლახამში. მოვდივარ უკან და ვხედავ, ყველგან კოცონი ანთია. რა ხდება-მეთქი, გარეთ დარჩენილი დევნილები არიანო. პირველმა უბანმა რაც მიიღო, მიიღო და შორს ვეღარ მიდიოდნენ“.

ნატო სუბარი, რომელიც ამ ამბავს იხსენებს, ადგილობრივი სკოლის დირექტორია, სამი ათეული წლის წინ ქართულის მასწავლებელი იყო. სკოლასთან სპორტული მოედნისთვის დიდი ტერიტორია ჰქონდათ გამოყოფილი. სწორედ აქ სხდებოდნენ ვერტმფრენები, ხანდახან ექვსი და რვაც კი. მაშინ ამ მოედანს ჭუბერის აეროპორტი შეარქვეს.

„ჭუბერის აეროპორტი“

ანას დეკეული

ჭუბერში სუბარებს ახალშობილი გოგონა ჰყავდათ, ერთი თვის ანა. მისი დაბადების აღსანიშნავად დეკეული დაკლეს. სწორედ ამ დეკეულმა დააპურა მერე დევნილები.

ნატო სუბარი: „ყოველდღე ორ კილო ხორცს ჩამოვჭრიდით, კარტოფილს და მწვანილს ჩავაჭრიდით და ორმოცლიტრიანი ქვაბებით ვამზადებდით წვნიანს. ყველა ოჯახში ქალები დღე და ღამე პურს აცხობდნენ. დედაჩემის ნათქვამი მახსოვს, ტერფები მეწვის ღუმელთან დგომისგანო. იქვე მოვუწყე რაღაც, რომ ცხობისას წამოწოლილიყო. ზამთრის სურსათი სვანს ყოველთვის აქვს, ჭუბერი რესურსიანი სოფელია, ვაშლი და მსხალიც ბევრი იყო. პირველი ორი კვირა მოსახლეობა ყველანაირად ეცადა, რომ ლუკმაური მიეწოდებინა ამ გაუბედურებული ხალხისთვის. ყველა ოჯახში 30-40 დევნილი ჰყავდათ.

ერთი შემთხვევა მახსოვს, ჭარმაგი კაცი შემოლასლასდა ეზოში. გეხვეწები, ძალიან ცუდად ვარო, კანკალებდა. დავაწვინე. გავუზომე ტემპერატურა, სიცხე აქვს. ალბათ გაცივდა-მეთქი, თბილი წყალი მოვიტანე ტაშტით. ბოლოს იფიქრა, ვერ ხვდება, ეტყობაო და ნატეხი პური მთხოვა. როგორც კი ჩაყლაპა ლუკმა, მაშინვე გაუარა სიცხემაც და კანკალმაც.

აფხაზეთის ეპარქიის მონაზვნებს თან მარაგი ჰქონდათ წამოღებული, ეს ძალიან დაგვეხმარა, დიდი ქვაბებით აკეთებდნენ საჭმელს და გაჰქონდათ ხალხში“.

ქეთი ესართია აქაურების რძალია, გაგრაში ცხოვრობდა და არეულობა დაიწყო თუ არა, თავი ჭუბერს შეაფარა. ამბობს, დევნილების ნაკადი რომ გამოჩნდა, სანამ პურს შემოიტანდნენ, 4-5 ღამე საერთოდ არ გვეძინა, ჩვენ ვაცხობდითო: „3 ძროხა მყავდა, ვწველიდი, დიდი ქვაბით ბრინჯს ვხარშავდი ამ რძეში, მეორე დიდი ქვაბით ჩაის ვადუღებდი“.

კლარა ცინდელიანი

კლარა ცინდელიანი: „საქონელი მყავდა, ყველი მქონდა ბლომად, დიდი ტაშტებით, კარტოფილი... სოფელში რაც არის, ყველაფერს ვახმარდით. ერთხელ ფქვილი გაგვითავდა. მთელი ჭუბერი შემოვიარე, რომ ორი ტომარა მეშოვა. იყო, მაგრამ ტაციობა ჰქონდათ ისეთი... ზოგმა მთელი ვერტმფრენი ფქვილი სახლში გაზიდა. ერთ ოჯახში ჭერამდე ეწყოთ ტომრები. მინდოდა ერთი ჩამომეღო და შავი დღე მაყარა დიასახლისმა, ჩემია, როგორ შეეხეო“.

პირველი ორი კვირა ჭუბერი საკუთარი მარაგის იმედად იყო, ნელ-ნელა ყველაფერი გამოილია. უფალი გამოაჩენს ხოლმე და სწორედ ამ დროს დაიწყეს პროდუქტის შემოტანა. მთელ საქართველოში აგროვებდნენ და მოჰქონდათ“, - ჰყვება ნატო სუბარი.

ვახტანგ ჩხვიმიანი 1993 წელს პრეზიდენტის კონსულტანტი იყო, ჰუმანიტარული დახმარების შემოტანა მას დაევალა.

ვახტანგ ჩხვიმიანი

ვახტანგ ჩხვიმიანი: „მთელ სვანეთში საჭმელი აღარ იყო დარჩენილი, 80 ათასი დევნილი რომ ჩამოვა, იქ რა უნდა დარჩეს?! თან გზებზე საშინელი ყაჩაღობა...

ჭუბერელმა ახალგაზრდებმა ჯერ სამეგრელოს ზვიადისტებთან დაიწყეს მოლაპარაკება, რომ ჩვენს ტვირთს არ შეხებოდნენ, მერე ადგილობრივ ყაჩაღებთან. 12 მანქანა ჩავიყვანე ქუთაისში. „ქეა“ [არასამთავრობო ორგანიზაცია] შემოვიდა მაშინ. ჩამოვიტანეთ ფქვილი, ზეთი, ათასნაირი ბურღულეული. მთელი სვანეთი გადავარჩინეთ შიმშილს. კაციშვილი ჩვენს მანქანებს არ შეხებია“.

კაკი რომ დაიძახონ?“

„თავიდან მასშტაბს ვერ ვხვდებოდით“, - ხშირად იმეორებენ ჭუბერელები. პირველი დევნილები საწოლებზე, ნამზითვარ თეთრეულში, ორ-ორ ლეიბზე დააწვინეს, შემდეგ, ეს ლეიბები იატაკზე გაშალეს, მერე ლეიბებიც გათავდა. ნანა ფირცხელიანი იხსენებს, ჩვენს სახლში სამხედროებმა ლეიბები სიგრძეზე დააფინეს და თავად სიგანეზე დაწვნენ, რომ სხეულის ზედა ნაწილი მაინც ჰქონოდათ ქვეშაგზეო. ბოლოს იატაკზე მხოლოდ ძველ პალტოს ან რამე ნაჭერს ფენდნენ.

ნატო სუბარი: „მე, დედა, მამა, ჩემი ორი ძმა, რძალი და სამი ბავშვი - ყველანი ერთ ოთახში შევლაგდით. მამას ვუთხარი, ახლა „ხაზეინს“ გეძახიან და უცებ „კაკი“ რომ დაიძახონ და შენი სანათესაო წამოვიდეს აფხაზეთიდან, მერე სადღა დაწვები-მეთქი. „იატაკზე, რა ვქნა“, - მითხრა. ბოლოს საბრძელში გადავიდნენ მამაკაცები და იქ ეძინათ თივაზე“.

კლარა ცინდელიანი: „ერთ დღეს გამოვიხედე, ორღობეში მოდიან ძუნძულით გალუმპულები. სახლი სავსე იყო უკვე დევნილებით, მაგრამ გავედი მაინც და შემოვიყვანე. იხდიან ტანსაცმელს, იხდიან, იხდიან... გორა დადგა. თურმე, სიცივის გამო, რაც თან ჰქონდათ, ყველაფერი ჩაეცვათ. ტყეში რაც საჭმელად არ ვარგოდა, იმასაც ჭამდნენ. დაემართათ დიზენტერია, ფაღარათი. არ იდგომებოდა არც ტუალეტში, არც ოთახში“.

შიშველი ფეხით და უმისამართოდ

ციალა ჩართოლანი 89 წლისაა. მას ის დრო ახსოვს, სვანეთში ჩოხით რომ დადიოდნენ. ამბობს, ვინმე ჩოხა-ახალუხში გამოწკეპილი რომ მოვიდოდა, კარგი ცხენით, ვიტყოდით ხოლმე, ისეთი სტუმრები ჰყავთ, აფხაზები უნდა იყვნენო.

ციალა ჩართოლანი: „მამაც მომიკვდა, დედაც, ძმებიც, მაგრამ მაშინ რომ ვნახე, ისეთი სიმწარე სხვა არ მინახავს. მოდიოდნენ გათოშილები, ფეხშიშველები, უმისამართოდ. გოგონებმა გამოიარეს სახლთან, რა გვარები ხართ-მეთქი, დავუძახე. ერთმა ტვილდიანიო, მეორემ ქურასბედიანი მითხრა. ორივე ახლობლები ხართ, მობრძანდით-მეთქი. ფეხზე არ ეცვათ, რაღაცით ჰქონდათ ფეხები შეხვეული. ერთს ჩემი რძლის ფეხსაცმელი მოერგო, მეორეს შვილის ბოტასები მივეცი.

ციალა ჩართოლანი

მერე მეუფე დანიელიც (დათუაშვილი) ჩამოვიდა, გაციებული იყო ძალიან. კიდევ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი მოვიდა და სხვა რომ აღარაფერი მქონდა, ფარდები ჩამოვხსენი, ის დავუგე ღუმლის გვერდით.

ერთხელ ვიღაც შემოხტა ეზოში, იქ კარტოფილი იყო დათესილი. თოხი ავიღე და ისევ უკან გადახტა, ეგონა თოხით მივდევდი. არადა, რომ ამოეთხარა, იმისთვის გამქონდა“.

მორგად გადაკეთებული სკოლა

ჭუბერის სკოლა ვერტმფრენების გამოჩენისთანავე დაკეტეს და 3 ნოემბრამდე არ გაუხსნიათ. იქ ერთი თვე დევნილები ცხოვრობდნენ. ფიზიკის კაბინეტში „წითელი ჯვარი“ იჯდა. ნატო სუბარი სიცილით იხსენებს, როგორ ცდილობდნენ მაშინ პედაგოგები სკოლისგან რამე გადაერჩინათ.

ჭუბერის სკოლა

ნატო სუბარი: „დირექტორის კაბინეტში შევიტანეთ ყველა დოკუმენტი. ეს კარიც შეანგრიეს, გადმოყარეს ყველაფერი. დირექტორმა, აქ ბავშვების დოკუმენტები მაქვს და ნუ შეხვალო. გამოუხსნა იმ კაცმა „ლიმონკა“, ახლა შენი დოკუმენტებიანად აგიყვან ჰაერშიო.

მეც ერთხელ კუდით ქვა მასროლინეს. ვხედავ, კარადა წაუქცევიათ, მულაჟები გადმოყრილი, დამსხვეული... მეთქი, ეს რაღაზე წააქციეთ. წადი, უღელტეხილზე რომ ყაჩაღობენ, იმათ წაუკითხე მორალიო.

ერთხელ კი, ესეც მწარედ მახსოვს... სკოლის ოთახში შევედი და ვხედავ, ქალბატონი ზის, მიყურებს: „არ გამაგდო, არ გამაგდო“, მეუბნება. წინ რაღაც უდევს გადაფარებული. თურმე შვილიშვილი უწევს, გოგონა, მალავს, რომ გაუპატიურებისგან ან რამე სხვა უბედურებისგან დაიცვას... სრულიად უცხო ხალხი ცხოვრობდა ერთმანეთის გვერდით და ეშინოდათ ერთმანეთის. ბევრი ცუდიც ხდებოდა, რა თქმა უნდა“.

აფხაზეთის თბილი ამინდიდან წამოსული დევნილები უღელტეხილზე ყინვაში აღმოჩნდნენ. ოქტომბრის პირველ დღეებში ითოვა კიდეც. სწორედ ეს თოვლი აღმოჩნდა ბევრისთვის საბედისწერო. სიცივისგან იხოცებოდნენ. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა უღელტეხილზე, დღემდე არავინ იცის, ვარაუდობენ, რომ ასი მაინც. გარდაცვლილებს ან იქვე, სახელდახელოდ გათხრილ საფლავში მარხავდნენ, ან ტოვებდნენ და შემდეგ უკვე სამშვიდობოს გასულები, ჩამოსასვენებლად უბრუნდებოდნენ. უღელტეხილიდან გადმოსვენებული მიცვალებულებიც ჭუბერის სკოლის სპორტულ დარბაზში ესვენა.

ასევე ნახეთ

გურამ ოდიშარია დევნილთა უღელტეხილზე

თან წამოღებული ღუმელი

ლალი ხარზიანი აფხაზეთში ცხოვრობდა, სოფელ განახლებაში. ჭუბერში ომის შემდეგ დასახლდა. ძველი სახლიდან შემორჩენილ ორ ნივთს - შეშის ღუმელსა და თუჯის ქვაბს - დღემდე იყენებს.

სოხუმი რომ დაეცა, ლალი ახლობლებთან იყო, კოდორის ხეობაში.

ლალი ხარზიანი: „ჯერ მანქანები წამოვიდა, მერე ხალხი და ბოლოს საქონელი, გვიკვირდა, რომ თავისით მოდიოდა საქონელი. მერე წამოვიდა ჯარიც და ასე დაიკარგა აფხაზეთი. ჩემს თვალწინ რამდენი მოასვენეს კოდორელი ბიჭები. ბოლოს დიდი, პატარა, ბავშვი... ვინც კი სროლა იცოდა, ყველა ჩავიდა კოდორის გასამაგრებლად. ასე შევინარჩუნეთ ის წლები კოდორი.

მე მოგვიანებით წამოვედი ჭუბერში. „ბელარუსი“ გვყავდა თავისი მოსაბმელით. ნათესავებმა ზოგმა რა დადო ამ ტრაქტორზე და ზოგმა - რა, ჩვენ დავდეთ... ღუმელი. სვანეთში ღუმელი აუცილებელია თავის გადასარჩენად. მართლა გადავრჩით და ბევრი სხვაც გადავარჩინეთ. მინდორშიც ამას ვანთებდით, ამ ქვაბით ვაკეთებდით საჭმელს.

ლალი ხარზიანი აფხაზეთიდან წამოღებულ ღუმელთან.

2008 წელს კოდორიდან ორი ათასამდე დევნილი რომ წამოვიდა, ამ ხალხსაც ისევ ჭუბერი დახვდა. მაშინ მეც მთელი წელი მათ ვპატრონობდი. კოდორიდან გადმოსული მანქანებით იყო ჩემი ეზო სავსე. ერთ ღამეს დაქოქეს ეს მანქანები და წავიდნენ, გამთენიისას ისევ ღმუილით შემოვარდა ყველა. გადასულან თურმე კოდორში და ვისაც რისი წამოღება შეეძლო, საკვების თუ საქონელის, გამოუზიდია. ამიტომ მაშინ საჭმლის გაჭირვება არ ჰქონდათ, უფრო თავშესაფარი ედარდებოდათ, სად წავიდე, ბავშვი სად წავიყვანოო.

მაშინ დევნილების მოვლაზე ისე ვიყავი გადართული, ყველაფერს მოვწყდი. ერთხელ ბარაკ ობამაზე ლაპარაკობდნენ და რა ბარაკებს დგამენ, სად დგამენ-მეთქი, ვიკითხე. არ ვიცოდი, რომ ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავდა“.

ჭუბერში თითქმის ყველა შენობა დევნილებით იყო სავსე.

Last Supper

ჭუბერში დევნილებილებისთვის რომ მიეხედათ, მთავრობამ რამდენიმე შტაბი გახსნა, ერთი - ქეთო ესართიას სახლში. გვიანი საღამო იყო, ბიჭები ვერტმფრენით უნდა გადაფრენილიყვნენ უღელტეხილზე ხალხის გადმოსაყვანად. ქეთომ ახალი კარტოფილი მოხარშა, ივახშმეთო.

ქეთო ესართია: „ისე მახსოვს, ალიკა კორძაია მოხარშულ კარტოფილს და ყველს რომ ჭამდა, ამაზე გემრიელი არაფერი მიჭამიაო, ამბობდა. გადაფრინდნენ, ქალები და ბავშვები ჩაისვეს ბლომად და აფეთქდა ვერტმფრენი. აქაც კი გავიგეთ ხმა. მერე ხალხი მოდიოდა, ჩემი ხომ არ იყო ვინმე იმ ვერტმფრენშიო, კითხულობდა. ერთმა იცოდა დაღუპულების ვინაობა. ოთახში იდგა და ტიროდა, ვერ გავალ, ვერ ვეტყვიო. ერთ კაცს ვერტმფრენში ცოლი და ოთხი შვილი დაეღუპა, იმასთან არ უნდოდა გასვლა“.

დისერტაცია და საწოლთან დაბმული ძაღლი

აფხაზეთიდან ჭუბერში ჩამოსვლისთანავე ბევრი მაშინვე ოჯახის წევრების და ახლობლების ძებნას იწყებდა. ზოგი შვილს ვერ პოულობდა, ზოგი მშობელს.

ქეთო ესართია

ქეთო ესართია: „ერთი ოჯახი დალის ხეობაში დატოვებულ მანქანას ელოდებოდა. ჩვენი ბედნიერი მანქანაო, იძახდნენ. ძველი ჟიგულია, მაგრამ ძალიან გვიყვარსო. დიდხანს ელოდნენ, რომ გადმოუყვანდნენ და რომ გადაეწურათ იმედი, წავიდნენ.

ერთი თავის ნაშრომებს ელოდებოდა სამი კვირა. გზაში დაღლილს ნაცნობმა ჩემოდანი და ქურთუკი გამოართვა და მერე ვეღარ იპოვა. ეს ნაშრომები რომ დავიბრუნო, ცხოვრებას ნულიდან აღარ დავიწყებდიო, ამბობდა.

ერთი კაცი თავის ძაღლთან ერთად მოდიოდა. გზაში ფეხი დაიშავა. საავადმყოფოში რომ დააწვინეს, იქაც ლოგინთან ჰყავდა ის ძაღლი დაბმული, მაგრამ ექიმს არ უშვებდა ახლოს და ჩემთან მოიყვანეს. მერე უცებ მოკვდა ეს ძაღლი, გული გაუსკდა. არადა, ვერტმფრენსაც კი დააბარა ამ კაცმა, ძაღლი წამომიყვანეთო.

გადმოსასვლელი კოდორის ხეობიდან

1993 წელს ჭუბერის სასაფლაოზე ათობით საფლავი გათხარეს და უღელტეხილზე დაღუპული ადამიანები მიწას მიაბარეს. შემდეგ წლებში ჭირისუფლებმა თავიანთ მიცვალებულები სათითაოდ გადაასვენეს. ნატო სუბარი იხსენებს, ბოლოს შარშან მოვიდნენ, სხვა ადგილას ახსოვდათ დამარხულები და კარგა ხანს ეძებესო: „ბებია და შვილიშვილი იყვნენ, თხუთმეტი წლის გოგო. გადაასვენეს და მგონი, მეტი არც აღარავინ დარჩა“.