სასამართლომ თბილისში, დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ კაცს, იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
"გამოძიების მიმდინარეობისას მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, დაინიშნა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული შეურაცხადია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული იძულებითი მკურნალობის მიზნით ოთხი წლით მოთავსებული იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაზარალებული ქალის უფლებებს „უფლებები საქართველოსთვის" იურისტი, ელისო რუხაძე იცავდა. „კანონით შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაისინჯოს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი რისკის მოძალადე, რომელიც ამასთანავე არის უმძიმესი დიაგნოზით (დასკვნაში წერია, რომ ძალიან საშიშია საზოგადოებისათვის) და მომეტებული ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევა, შეიძლება ნებისმიერ დროს გარეთ მოგვევლინოს“, - თქვა ადვოკატმა.
ყოფილმა ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა ავტობუსის გაჩერებასთან, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, 23 მაისს მიაყენა. მას მანამდე გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა, სამედიცინო ჩარევის შედეგად, გადარჩა.
ასევე ნახეთ კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა ავტობუსის გაჩერებაზე, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილიდაკავებულ კაცს ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" პრიმა, "ვ", მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით), 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით , 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით –(ოჯახური ძალადობის ხუთი ეპიზოდი) წარედგინა.