უკრაინაში მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს

ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს. ცხედარს ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივები და მერიის წარმომადგენლები დახვდნენ. მოქალაქეები წალენჯიხის ცენტრში შეიკრიბნენ საქართველოს და უკრაინის დროშებით.

"ეს ყოფილიყოს ბოლო [მებრძოლი]. ეს იყოს ბინძურ სისხლიანებზე გამარჯვებისთვის ბოლო. დიდება უკრაინას. ჩემი ძმა იბრძოდა თავისუფლებისთვის ჩემი, თქვენი და ყველას თავისუფლებისთვის", - უთხრა ჟურნალისტებს დაღუპული მებრძოლის ძმამ ბაკურ კვარაცხელიამ.

ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს

ედიშერ კვარაცხელია უკრაინიდან საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს. მებრძოლის ცხედარი თბილისში, ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაღუპული მეოცე ქართველი საქართველოში ჩამოასვენეს

მებრძოლს 20 ოქტომბერს წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა.

ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ-ის", წევრი, მონაწილეობდა ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.