უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონში რუსული არმიის დანაკარგს მობილიზებულებით ავსებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხერსონის ოლქში დროებით დაპყრობილ ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ძალების დანაკარგის შესავსებად და ფრონტის ხაზზე ქვედანაყოფების გასაძლიერებლად ჩაიყვანა 2000-მდე მობილიზებული.

გენშტაბის ცნობითვე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ გასცა მის მიერ გახსნილი „საბანკო დაწესებულებების“ ევაკუაციისთვის მზადების განკარგულება და ევაკუაციისთვის მოამზადა რუსეთიდან ჩაყვანილი სამედიცინო პერსონალის და მასწავლებლების სიები.

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, ხერსონში მუშაობას წყვეტენ ჰუმანიტარული სფეროს ობიექტებიც.

ასევე ნახეთ ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად

უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან "სამთავრობო სტრუქტურებიც" და შვიდი დღით იკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.

18 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.

ასევე ნახეთ პუტინი უკრაინის ანექსირებულ ოლქებში "საომარ მდგომარეობას" აცხადებს

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.