რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 20 ოქტომბრიდან "საომარ მდგომარეობას" აცხადებს ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში. პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება დასამტკიცებლად გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს.
რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა.
პუტინის განკარგულების მიხედვით, "საომარი მდგომარეობის" გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენება“.
პუტინის განკარგულებით, რუსეთის მთავრობას ევალება თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის, რუსეთის გვარდიის და პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების მთავარი სამმართველოს წინადადებების შესაბამისად, სამი დღის ვადაში წარადგინოს საკუთარი წინადადებები მისაღები ზომების შესახებ.
უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ დღეს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე, სადაც მათი განთავსების დროებითი პუნქტი გაიხსნა.
პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადავლენ "სამთავრობო სტრუქტურებიც" და შვიდი დღით აიკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.
ხერსონის ოლქში გამოცხადებულ ევაკუაციას "პრიმიტიული ტაქტიკა" და "პროპაგანდისტული მოჩვენებითობა" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მისივე შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს ხერსონელები დააშინოს "ფეიკებით" ქალაქზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ. ერმაკის განცხადებით, უკრაინის არმია საკუთარ ქალაქებს თავს არ ესხმის.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.