გაირკვა, რომ მსჯავრდადებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი მორდვეთში მდებარე კოლონიაშია გადაყვანილი

ბრიტნი გრაინერი სასამართლო სხდომის შემდეგ. მოსკოვის შემოგარენი. 2 აგვისტო, 2022 წელი

ამერიკის კალათბურთის ვარსკვლავი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტნი გრაინერი რუსეთის რეგიონ მორდვეთში მდებარე კოლონიაში იხდის სასჯელს, - ამის შესახებ Reuters-ს 17 ნოემბერს აცნობა წყარომ, რომელიც ამ საქმეს იცნობს.

ბრიტნი გრაინერი, რომელსაც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით პატიმრობა შეუფარდეს, 4 ნოემბერს მოსკოვთან მდებარე იზოლატორიდან გადაიყვანეს კოლონიაში, რომლის ადგილმდებარეობასაც რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ ასაჯაროებს.

2022 წლის აგვისტოში სასამართლომ გრაინერი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდაში და მას ცხრა წლით მიუსაჯა კოლონიაში პატიმრობა. კალათბურთელმა განაჩენი გაასაჩივრა. შემდგომ ინსტანციაში გრაინერს სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა მის მიერ იზოლატორში გატარებული დღეები და პატიმრობის ვადა რვა წლამდე შეუმცირდა.

ასევე ნახეთ რუსეთში დაკავებულმა კალათბურთელმა ბრიტნი გრაინერმა ბაიდენს სთხოვა, რომ" ყველაფერი გააკეთოს" მისი გათავისუფლებისთვის


რუსეთი და აშშ განიხილავენ გრაინერის და რუსეთში მსჯავრდადებული კიდევ ერთი ამერიკელის, პოლ უილანის, გაცვლას აშშ-ში დაპატიმრებულ რუსებზე. ვაშინგტონი გამოდის შეთავაზებით, გაცვლა შეეხოს რუს ვიქტორ ბუტს, რომელსაც 25 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, კოლუმბიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო. სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ მოსკოვს სურს შედგეს ან მხოლოდ გრაინერის ბუტზე გაცვლა, ან ორი პირის - ორ პირზე.

გრაინერი, რომელიც ამჟამად 32 წლისაა, თამაშობდა ეკატერინბურგის ქალთა ნაკრებში. აშშ-ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან ორგზის გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებზე.