ამერიკელმა კალათბურთელმა ბრიტნი გრაინერმა, რომელიც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს, ჯო ბაიდენს წერილი მისწერა და აშშ-ის პრეზიდენტს მისი გათავისუფლებისთვის "ყველაფრის გაკეთება" სთხოვა.
პირველ ივლისს გრაინერი მოსკოვის ოლქის სასამართლოს წინაშე წარდგა. რუსეთში სპორტსმენს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მანამდე სასამართლომ მისი პატიმრობა 20 დეკემბრამდე გააგრძელა.
"აქ რუსეთის ციხეში მყოფს, მარტო დარჩენილს ჩემს ფიქრებთან და ჩემი ოჯახის დაცვის, მეგობრების, ოლიმპიური მაისურის ან რაიმე მიღწევების გარეშე, მეშინია, რომ აქ სამუდამოდ დავრჩები", - წერს გრაინერი პრეზიდენტ ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში, რომლის ნაწყვეტები კალათბურთელი ქალის წარმომადგენლებმა გაასაჯაროვეს.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა, რომ თეთრმა სახლმა კალათბურთელის წერილი მიიღო.
17 თებერვალს გრაინერი ნიუ-იორკიდან ჩასვლისთანავე მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის ვაზნები აღმოაჩინეს. ეს ნივთიერება აკრძალულია რუსეთში მიმოქცევისთვის, მაგრამ ის ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა.
ბრიტნი გრაინერი თამაშობს ეკატერინბურგის ქალთა საკალათბურთო კლუბში. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების წევრმა, მან ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები. მაისში შეერთებულმა შტატებმა გრაინერი "უკანონოდ დაკავებულად" აღიარა და მისი საქმე მძევლების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს გადასცა.
მანამდე, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "არ არსებობს იმაზე პრიორიტეტული ამოცანა", ვიდრე გრაინერისა და სხვა ქვეყნებში "უკანონოდ დაკავებული" ამერიკელების შინ დაბრუნებაა.