ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი

ქალაქ გალის ერთ-ერთი ქუჩა. 2022 წლის აპრილი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.

ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის.

ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი აღმოაჩინეს

ნოემბრის დასაწყისში, აფხაზური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მაღაზიებში აღმოაჩინეს 11 ბოთლი "კონტრაბანდული" მინერალური წყალი "ბორჯომი", „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე". ოქტომბრის ბოლოს, ბიჭვინთის მაღაზიაში იპოვეს „ხაშის კონსერვები". ეტიკეტზე გამოსახული იყო საქართველოს დროშა და რუკა, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია.

ასევე ნახეთ ბიჭვინთის მაღაზიიდან "ხაშის" კონსერვები ამოიღეს, რომელზეც საქართველოს დროშა და რუკა იყო გამოსახული

ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან პროდუქციის შეტანა აკრძალულია, თუმცა, სხვადასხვა გზით, მაინც ხვდება.