მტერმა ბახმუტთან ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა - უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობა

უკრაინელი სამხედრო ბახმუტთან ახლოს. 6 დეკემბერი, 2022 წელი.

რუსი სამხედრები დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში, ბოლო პერიოდში ბრძოლის ახლებურ ტაქტიკას იყენებენ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ უკრაინული ტელევიზიის ეთერში, ტელემარათონის ფარგლებში ილაპარაკა.

„მტერმა შეცვალა ტაქტიკა. ბატალიონების ნაცვლად, ახლა ის ქმნის საშტურმო რაზმებსა და ჯგუფებს, რომლებიც , თავის მხრივ, ქვეჯგუფებად იყოფიან. სწორედ ამ ქვეჯგუფებს ევალებათ უშუალო შტურმი, ხოლო დანარჩენები მათი საცეცხლე დაცვით არიან დაკავებული. ჩვენ ვსწავლობთ ამ ტაქტიკას და ყოველი ასეთი საბრძოლო შხამისთვის მოგვეძებნება ანტიდოტი“, - აცხადებს ჩერევატი.

მისი თქმით, დონბასი ახლა წარმოადგენს "უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარ ფრონტს“ და რუსი სამხედროების მთელი ძალა მიმართულია ბახმუტისა და ავდეევკისკენ, სადაც ყოველდღიური შეტაკებებია და ოკუპანტები ავიაციასაც იყენებენ.

სერგეი ჩერევატი ასევე ამბობს, რომ ახლებურ ტაქტიკას, ძირითადად, „ვაგნერელები“ იყენებენ, მაგრამ ასევე შეინიშნება შეტევით ოპერაციებში ჩართული სხვა დაჯგუფებების შემთხვევაშიც.

„ვაძლიერებთ მათ მეთვალყურეობას როგორც უპილოტო, ასევე სტაციონარული სისტემებით. ვცდილობთ, მტერი აღმოვაჩინოთ წინასწარ და იერიში მივიტანოთ მასზე, არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით“, - აცხადებს სპიკერი და ასევე დასძენს, რომ ამჟამად ფრონტის ამ მონაკვეთში არ არის სტანდარტული სურათი, როდესაც ერთი მხარე უტევს, ხოლო მეორე თავდაცვით პოზიციებს ამაგრებს.

„ვიყენებთ ნებისმიერ მინიმლურ შესაძლებლობას მტერზე იერიშის მისატანად და მტერიც ამას აკეთებს, როცა ხედავს, რომ შეტევის საშუალება აქვს“, - აცხადებს შეაიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერი, სერგეი ჩერევატი. რუსი სამხედროების მიზანთან დაკავშირებით ის განმარტავს, რომ მოწინაღმდეგე ცდილობს დამცავი ზოლის გარღვევას, ფრონტის ზურგში გასვლასა და უკრაინის დონბასის სრულად დაპყრობას.

რუსეთის მიერ ბრძოლის ახლებურ ტაქტიკას სამხედროები თუ ექსპერტები დეკემბრის დასაწყისიდან განიხილავენ. საერთაშორისო შეფასებებით, რუსეთმა ახალი ხერხების ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის (БТГ) დონეზე წარმოებულ ბრძოლებში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა და განადგურებული შენაერთების აღდგენა ვეღარ შეძლო.

ასევე ნახეთ რუსეთი აძლიერებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში, შეერთებული შტატები დამატებით სამხედრო დახმარებას ამზადებს კიევისთვის