"დასაფასებელია, პატივსაცემია, თუმცა ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა გამორიცხულია" - მელია მოშიმშილეებზე

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ აფასებს კოლეგების პროტესტის აქტს, შიმშილობას, თუმცა მათ მოსანახულებლად პარლამენტში "ბევრი მიზეზის გამო" ვერ მივა. ჟურნალისტებთან კომენტარში მელია აღნიშნავს, რომ მოშიმშილე თანაგუნდელებთან კომუნიკაცია სხვა გზებით აქვს.

"დასაფასებელია, პატივსაცემია ესა თუ ის ფორმა, მათ შორის მოშიმშილეების, თუმცა ფიზიკურად ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა გამორიცხულია, ბევრი მიზეზის გამო. იცით ჩემი დამოკიდებულება პარლამენტთან მიმართებით. სხვადასხვა ფორმა არსებობს კომუნიკაციის. ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ფიზიკურად არ იქნება.

მე დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობას პარლამენტში ყოფნა არ სიამოვნებს. რაც შეეხება პარლამენტში მანდატების დატოვება-არდატოვებას, ამას პროცესი გვაჩვენებს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას".

პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამი დეპუტატი: თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე მე-4 დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

17 დეკემბრიდან დეპუტატები შიმშილობას სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, პარლამენტის ფრაქციის ოთახში განაგრძობენ.

ასევე ნახეთ აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა, 3 დეპუტატი პროტესტს განაგრძობს

22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.