პარლამენტის დეპუტატი პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძე სამკურნალოდ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, ის რამდენიმედღიანი შიმშილობის შედეგად ცუდად გახდა.
"კირკიტაძის მდგომარეობა იყო იმდენად მძიმე, რომ ჯერ კიდევ გუშინ არ აძლევდნენ მას შიმშილობის გაგრძელების უფლებას. მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო... მე ვაგრძელებ და გავაგრძელებ შიმშილობას მანამ, სანამ ამის შესაძლებლობას ფიზიკური მდგომარეობა მომცემს", - ამბობს დეპუტატი ანი წითლიძე.
დავით კირკიტაძემ თავის ორ კოლეგასთან, ანი წითლიძესა და აბდულა ისმაილოვთან ერთად შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს დაიწყო პარლამენტში. რამდენიმე საათში მათ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდათ. აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა 18 დეკემბერს შეწყვიტა.
სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მსჯელობს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართესსასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.