რუსი "პარტიზანები" კრემლთან ბრძოლაში: "ეს ქვეყანა არ არის პუტინის, ის ჩვენია"

კადრი ჯეიკ ჰანრაჰანის დოკუმენტური ფილმიდან "რუსეთის ანტიპუტინისტური ანდერგრაუნდი"

3 იანვარს, დამოუკიდებელმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა ჯეიკ ჰანრაჰანმა თავისივე მედიაპლატფორმაზე „Popular Front“ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი ანტიპუტინისტური, რუსული პარტიზანული მოძრაობის შესახებ, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით აფეთქებს სხვადასხვა სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებს, აზიანებს რკინიგზის ლიანდაგებს და აცხადებს, რომ მათი მიზანი, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერება, ვლადიმირ პუტინის რეჟიმის დამხობა, რუსული ჯარის დასუსტება და ქვეყანაში არსებული ვითარების შეცვლაა.

ფილმით რეჟისორი ცდილობს აჩვენოს, რომ რუსეთში აქტიური წინააღმდეგობა არსებობს და ამ პროტესტის უკან რუსეთის მოქალაქეები დგანან - მათ შორის, პარტიზანული დაჯგუფება „BOAK“-ის (Боевая организация анархо-коммунистов) წევრები.

ჰანრაჰანის ფილმის, „რუსეთის ანტიპუტინისტური ანდერგრაუნდის“ ორი გმირიც, ამ „ანარქისტულ-კომუნისტური“ ჯგუფის წევრები არიან.

ფილმის ერთ-ერთი გმირი, რუსი პარტიზანი

ბოლო თვეების განმავლობაში, უფრო ზუსტად კი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი სულ მცირე 80 აფეთქებისა და „უჩინარი ხანძრების" მიღმა, ფილმის მიხედვით, ამ ორგანიზაციის წევრებიც დგანან.

BOAK-ი ერთ-ერთია იმ რამდენიმე რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციიდან, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსში 2022 წლის თებერვლამდეც მოქმედებდნენ. ომის დაწყების შემდეგ ამ ჯგუფმა პოპულარობა მოიპოვა Telegram არხზე, სადაც მისი წევრების რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა.

კადრი ჯეიკ ჰანრაჰანის ფილმიდან - რუსი პარტიზანების თავდასხმა ერთ-ერთ ობიექტზე

ასევე ნახეთ "შემთხვევით არაფერი ხდება"- უბედური შემთხვევები რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე 

ჯეიკ ჰანრაჰანი პარტიზანული ჯგუფის წევრებს სწორედ Telegram-ზე დაუკავშირდა.

„მე მათ ვუთხარი, ვიცი, რომ ცდილობთ თქვენი გზავნილის გადმოცემას. მინდა ამის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადავიღო“, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

იმისთვის, რომ მათ სანდოობაში დარწმუნებულიყო, ჯგუფის წევრებს ჟურნალისტმა სთხოვა, მისთვის ეჩვენებინათ თავდასხმების ისეთი კადრები, რაც ინტერნეტში არ გავრცელებულა.

"მათ საკმარისზე მეტი მასალა გამომიგზავნეს", - იხსენებს ჰანრაჰანი.

ინტერვიუ ტყეში - რას გვიამბობს ფილმი პუტინის მოწინააღმდეგე რუს პარტიზანებზე?

მოკლე დოკუმენტური ფილმი ავტორის კადრით იწყება.

მას ტელეფონზე შეხვედრის კოორდინატები მისდის და შუაღამით, ტყეში, თოვლიან გზას მიუყვება. შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია - მხოლოდ ერთ მინიშნებას გვაძლევს: „აღმოსავლეთ ევროპა“ და ამბობს, რომ სადღაც აქ უნდა შეხვდეს პარტიზანებს.

შეხვედრა ტყეში - ჯეიკ ჰანრაჰანი ხვდება თავისი ფილმის გმირებს, რუს პარტიზანებს

რადიო თავისუფლებამ რეჟისორს ჰკითხა, რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაღებების დროს?

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაღების დროს ის იყო, პარტიზანებს სწორ ადგილას და სწორ დროს შევხვედროდით და არავინ დაშავებულიყო, ამას რაიმე უბედურება არ მოჰყოლოდა. ამ ფილმზე მუშაობა საკმაოდ სტრესული იყო. დრო ცოტა გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ, რადგან მგონია, რომ ამ ომის გაშუქებას საჭირო ნიუანსი შევმატეთ“ - ამბობს ჯეიკ ჰანრაჰანი და ამატებს, რომ შეხვედრაზე წასვლაც იმიტომ გარისკა, რომ თავად დარწმუნებულიყო, მართლაც არსებობს თუ არა რუსეთში წინააღმდეგობის მოძრაობა.

ტყეში უცებ ფანარი ინთება და სიბნელიდან ორი ადამიანი გამოდის.

ინტერვიუც იქვე, ტყეში იწერება.

- რას აკეთებთ პუტინის რეჟიმის დასამხობად? ეკითხება ჯეიკ ჰანრაჰანი პარტიზანებს.

- მაგალითად, წყობიდან გამოგვყავს რკინიგზა, რომელიც მიდის მოსკოვის რეგიონში არსებულ საარტილერიო საწყობებისაკენ... ასე ფერხდება სამხედრო ტვირთის მიწოდება ფრონტზე, ეს კი უკრაინელ ხალხისთვის დამატებითი დროა, რომ რუსეთის კონტრშეტევისთვის მოემზადონ.

ფილმის ორი გმირი, რომლებსაც მხოლოდ თვალები უჩანთ, ჰყვებიან, რომ რუსეთში კანონიერი გზებით ბრძოლას აზრი არა აქვს. რომ ბრძოლის ერთადერთი გზა ახლა პარტიზანული ბრძოლაა „თუ გინდა, რომ მართლა რამე შეცვალო“.

ფილმის ერთ-ერთი გმირი, რუსი პარტიზანი

- არ ჯობს რამე უფრო შედეგიანი აკეთო, ვიდრე კანონიერი პროტესტი მოაწყო და მერე ამისთვის ციხეში წახვიდე? - იწყებს ერთი. მეორე კი აგრძელებს:

- ჩვენ ვუტევთ სახელმწიფოს, რომ დავასუსტოთ ის. მისი ჯარი.

- ჩვენ შევცვლით სიტუაციას.

- თან, პარტიზანები გვემატებიან მთელ ქვეყანაში. მათ ჩვენ ვამარაგებთ საჭირო ნივთებით. პარტიზანების ჯგუფები კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე მოქმედებენ. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა.

- მაინც, რატომ მიდიხართ ასეთ რისკზე? - ეკითხება მათ ჟურნალისტი.

- იმიტომ, რომ ეს არ არის პუტინის ქვეყანა - ეს ჩვენი ქვეყანაა. მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასუსტოთ ის - პასუხობს ერთ-ერთი.

- ამ რისკს თუ არ გავწევთ, საერთოდ არ გვექნება მომავალი.

- ომის დასაწყისში, მაგალითად, ჩვენ მივიტანეთ შეტევა მობილური კავშირგაბმულობის ანძებზე უკრაინის საზღვართან ახლოს.

კადრი ფილმიდან, შეხვედრა და ინტერვიუ რუს პარტიზანებთან

- არ გეშინიათ? - ისევ ეკითხება მათ ფილმის ავტორი.

- ცხადია, გვეშინია. სულელები ხომ არ ვართ.

- მაგრამ უფრი საშიშია ხედავდე, ვის ხელშია დღეს რუსეთში ძალაუფლება.

BOAK-ის წევრები ყვებიან, რომ ისინი ხელნაკეთი ასაფეთქებლებით უტევენ. რკინიგზის ლიანდაგებს კი ისეთი ინსტრუმენტებით აზიანებენ, რისი ყიდვაც მარტივად შეუძლიათ მაღაზიაში. ხოლო იმისთვის, რომ გაიგონ, სად უნდა შეუტიონ, იყენებენ Wikimapia-ს, ღია ვებსაიტს, სადაც ნებისმიერს შეუძლია რუკაზე ობიექტების ფოტოების და აღწერილობის დამატება.

ფილმის ავტორს აინტერესებს, რა არის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების მთავარი გზავნილი დღეს?

- რომ ხალხი არ უნდა იჯდეს და ელოდოს, რომ ვინმე სხვა გააკეთებს მათ გასაკეთებელს. და რომ მათი სიცოცხლე მათსავე ხელშია.

- უბრალოდ, შიშის გამო ყველა ჩუმადაა.

ჯეიკ ჰანრაჰანს ჩვენ ვკითხეთ, როგორი შთაბეჭდილება დარჩა ფილმზე მუშაობისას, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობის ეს მოძრაობა რუსეთში?

„მე ვფიქრობ, რომ პარტიზანული მოძრაობა რუსეთში საკმაოდ ძლიერია, თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს - რამდენად საშიშია იქ დღეს ამის კეთება. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ რუსეთში ერთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი თავდასხმა მოხდა (და ეს არის მხოლოდ ის, რაც ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ), ცხადია, რომ საკმარის ხალხს აქვს მოტივაცია იბრძოლოს პუტინის წინააღმდეგ რაღაც კუთხით მაინც... მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ რისკზე წასვლა ბევრ რამეზე მეტყველებს მაშინ, როცა უფრო ადვილია საერთოდ არაფერი გააკეთო“.

- გააგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას?

- თვალყურს მივადევნებ რას გააკეთებენ ისინი, მაგრამ ახლა სხვა პროექტებზე გადავალ.

ჯეიკ ჰანრაჰანი ფილმის გადაღებების დროს

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, BOAK-მა გააძლიერა თავისი საინფორმაციო რესურსი, გამოაქვეყნა ომის საწინააღმდეგო არაერთი მიმართვა. აქტიურად აქვეყნებდა რეკომენდაციებს დივერსიისთვის და ახალი ამბებს რუსეთსა და ბელარუსში პარტიზანული მოქმედებების შესახებ.

2022 წლის აპრილში კი, მან პირველად აიღო პასუხისმგებლობა ბელგოროდის რაიონის სოფელ ბელომესტნოეში მომხდარ დივერსიულ აქტზე, როცა ცეცხლი წაუკიდეს მობილური კავშირგაბმულობის ანძას. ცეცხლის გაჩენის მოტივი კი რუსული საოკუპაციო ძალების საკომუნიკაციო სისტემის დაზიანების სურვილი იყო.

* ჯეიკ ჰანრაჰანი ცნობილია ცნობილი თავისი რეპორტაჟებითა და დოკუმენტური ფილმებით კონფლიქტის ზონებიდან. მას უმუშავია ისეთი მედიებისთვის, როგორიცაა VICE News, Esquire, Frontline PBS, ProPublica, Harpers, BBC News, The Guardian, Wired და სხვა.