მევლუთ ჩავუშოღლუ ვერ ხედავს შვედეთთან და ფინეთთან ნატოს თემაზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის აზრს

მევლუთ ჩავუშოღუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 26 იანვარს განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში სტოკჰოლმში თურქეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ, „აზრი არ აქვს“ შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას, ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადების განსახილველად.

ჩავუშოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ ნატოში შვედეთისა და ფინეთის წევრობის ცალკე შეფასების წინადადება არ არსებობს. მანამდე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს აღადგინოს ნატოს დიალოგი თურქეთთან მას შემდეგ, რაც ანკარამ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამმხრივი მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან ალიანსში მათი წევრობის საკითხზე.

ასევე ნახეთ

თურქეთმა გააუქმა სამმხრივი შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან

25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას სტოკჰოლმში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებიც ანკარამ დაგმო, იუწყებოდა სახელმწიფო მაუწყებელი TRT 24 იანვარს.

შეხვედრა, რომელიც თებერვალში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ანკარის თხოვნით გადაიდო, აცხადებს TRT დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

ერდოანის პრესმდივანი მიმდინარე თვეში აღნიშნავდა, რომ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრებოდა.