თურქეთში გადაარჩინეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 200 საათზე მეტხანს იყვნენ

მაშველების მიერ თურქეთის ქალაქ ადიამანში 14 თებერვალს გადარჩენილი 17 წლის ბიჭი, რომელმაც ნანგრევებში 198 საათი გაატარა

მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრით განადგურებული სახლების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ქალაქ ადიამანში გამოიხსნეს 77 წლის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 212 საათი გაატარა. მიწისძვრიდან 207 საათის შემდეგ მაშველებმა ადიამანში გადაარჩინეს ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის ბიჭიც.

კაჰრამანამარაშის და ჰათაის პროვინციებში ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც სახლების ნანგრევებშ0 200 საათზე მეტი გაატარეს. ყველა მათგანი კლინიკებშია მოთავსებული.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადგილობრივ მაშველებთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობს 9 046 მაშველი მსოფლიოს 82 ქვეყნიდან. მათ შორისაა ასამდე ქართველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

ასევე ნახეთ საქართველოდან 85 მეხანძრე-მაშველი თურქეთში როტაციის მიზნით გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო და სხვა სამუშაოებში ჩართულია სახელმწიფო სტრუქუტურების 250 ათასამდე თანამშრომელი.

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35 400-ს აჭარბებს. მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც სულ მცირე 5 814 ადამიანი დაიღუპა.