დეპუტატი მაჭარაშვილი: EU-ს გასაღები ბრიუსელში გვეგონა, თურმე "ვივამედში" ყოფილა

გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი "ხალხის ძალიდან" გურამ მაჭარაშვილი აკრიტიკებს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის. დეპუტატმა შეაფასა 27 თებერვალს ელჩის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემული დემარში, რომელიც უკავშირდებოდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.

"ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში". ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ "ვივამედში", ეს ცოტა საკითხავია.

როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რომ ამდენსაუკუნოვანი მისწრაფება ევროინტეგრაციის, რასაც თვითონაც აღიარებენ და ჩვენც ვამბობთ, დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის თავისუფლებაზე, რასაც, სხვათა შორის, ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გადასცა
ასევე ნახეთ ვოლსკის თქმით, კარგი იქნებოდა დემარშით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. მედიის ცნობით, პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაერწმუნებინათ.

ასევე ნახეთ კონსილიუმის შეფასებით,  სააკაშვილის სხეულის დაზიანება გამოიწვევს „ლეტალურ  გამოსავალს მაღალი ალბათობით"

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ასევე ნახეთ კასიანოვი: უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.