ეროვნული გალერეა ღამის 3 საათზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კულტურის მინისტრის მოადგილემ და ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გალერეა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს, ექსპონატები კი სპეციალურ საცავში გადაიტანეს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ დემონსტრანტებს გალერეაში არცერთი ნამუშევარი არ დაუზიანებიათ.
განცხადების ფონია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც პოლიცია წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი აირის საშუალებით არბევს. მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ რობოკოპების დიდი რაოდენობა დაიძრა, აქციის მონაწილეებმა თავი მეტროს, ქაშვეთის ეკლესიას და ეროვნულ გალერეას შეაფარეს.
"შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.
ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ", - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.