პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი ვერ აირჩია

ფოტოილუსტრაცია

საქართველოს პარლამენტმა მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია არამოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე. დღეს, 18 მაისს, განმეორებითი კენჭისყრა ოთხ კანდიდატს შორის ჩატარდა. მათ გუშინ, 17 მაისის კენჭისყრაზე, დანარჩენ 22 კონკურსანტზე უკეთესი შედეგები ჰქონდათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო. 17 მაისს პარლამენტმა ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ამ ოთხი კონკურსანტიდან კი ვერცერთმა მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა.

18 მაისის კენჭისყრის შედეგები:

  • რუსუდან კვინიკაძე - 5 მომხრე;
  • გოგა კიკილაშვილი - 6 მომხრე;
  • ლევან ნემსაძე - 10 მომხრე;
  • ნინო ნიშნიანიძე - 11 მომხრე.

დღევანდელ კენჭისყრაზე თითოეულმა კანდიდატმა მხოლოდ რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო მაშინ, როდესაც გუშინდელ კენჭისყრაზე მინიმალური რაოდენობის ხმები დააკლდათ თანამდებობაზე დასანიშნად.

17 მაისის კენჭისყრის შედეგები:

  • რუსუდან კვინიკაძე - 89 მომხრე;
  • გოგა კიკილაშვილი - 89 მომხრე;
  • ლევან ნემსაძე - 88 მომხრე;
  • ნინო ნიშნიანიძე - 87 მომხრე.

თუკი ამ ოთხ კანდიდატს გუშინდელ კენჭისყრაზე ოპოზიციის ხმები დააკლდა, დღეს მათ დამტკიცებას არც უმრავლესობის დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, იმავე კანდიდატებს კენჭს უყრიან რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს - 30 მაისს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 9 მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული მოსამართლეა, ხუთ არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, ერთს კი - საქართველოს პრეზიდენტი.

თითქმის ორი წელია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰყავდა პარლამენტის მიერ ასარჩევი არამოსამართლე წევრები. პარლამენტმა კანდიდატების დანიშვნაზე კენჭისყრა გუშინ, 17 მაისს, დაიწყო. კონკურსში 31 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, შესაბამისად, კენჭი უყარეს 29 კონკურსანტს.

ხმების საჭირო რაოდენობა მხოლოდ სამმა კანდიდატმა (ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი) მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავდა, ამიტომ კანდიდატების დასამტკიცებლად ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებოდა.

ასევე ნახეთ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრიდან მხოლოდ 3 აირჩია

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ მათი რიგებიდან დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას კანდიდატების დამტკიცებაში ეხმარებოდა, სხდომათა დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე ნახეთ ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდა

რამდენიმე საათში გაირკვა, რომ კენჭისყრის დროს კანდიდატების დანიშვნას ემხრობოდა ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით პარლამენტში შესული რამდენიმე დეპუტატი (ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე). ამის გამო ამ დეპუტატებს ფრაქცია დაატოვებინეს.

ასევე ნახეთ ბაჩუკი ქარდავა ტოვებს ფრაქციას „ენმ - ძალა ერთობაშია"
ასევე ნახეთ ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ტოვებენ ფრაქციას „ენმ - ძალა ერთობაშია"