კიევზე კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა იყო

საილუსტრაციო ფოტო.კიევზე საჰაერო შეტევა იყო 28 მაისსაც

რუსეთმა ისევ მიიტანა იერიში კიევსა და კიევის ოლქზე. თავდასხმის გამო, განგაში დილის 11 საათის შემდეგ გამოცხადდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერ იური იგნატის წინასწარი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა რაკეტები "ისკანდერი" და ეს-300.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ობოლონსკის და პოდოლსკის რაიონებში რაკეტების ნამსხვრევები დაეცა საავტომობილო გზას და 2-სართულიანი სახლის სახურავს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო, ერთ საათზე მეტხანს განგაში იყო გამოცხადებული კიევის გარშემო მდებარე პოლტავის, ჩერკასკის, ვინიცის, ჩერნიგოვის, სუმის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებშიც.

ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალები: განადგურებულია 37 რუსული რაკეტა და 29 დრონი

რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მასირებული საჰაერო შეტევა წუხელაც განახორციელა. საჰაერო განგაში დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 40-მდე ფრთოსანი რაკეტა და 35-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 37 რაკეტა, 29 ე.წ. დამრტყმელი დრონი და 1 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი.