Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალები: განადგურებულია 37 რუსული რაკეტა და 29 დრონი


კიევზე საჰაერო შეტევა იყო 28 მაისსაც. დრონის დარტყმით დაზიანებული შენობა
კიევზე საჰაერო შეტევა იყო 28 მაისსაც. დრონის დარტყმით დაზიანებული შენობა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 40-მდე ფრთოსანი რაკეტა და 35-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს უკრაინაზე წუხელ დაწყებული მასირებული შეტევისას, რომელიც დილამდე გაგრძელდა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 37 ფრთოსანი რაკეტა, 29 ე.წ. დამრტყმელი დრონი და 1 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ კიევი იყო. ბოლო 48 საათში უკრაინის დედაქალაქზე უკვე მეორე, მაისის დასაწყისიდან კი, მე-15 საჰაერო იერიში განხორციელდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაანადგურეს. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დილის 6 საათისთვის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინის დამცველების პროფესიონალიზმის წყალობით, კიევში არავინ დაღუპულა და არ დანგრეულა სახლები და ინფრასტრუქტურა.

რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და სხვა ოლქებში.

უკრაინაზე რუსეთის წუხანდელმა მასირებულმა შეტევამ ოდესის პორტი დააზარალა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა. გაჩნდა ხანძარი, რომელიც დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია.

XS
SM
MD
LG