რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუკზე ვრცელი სტატუსით ეხმაურება კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს. ის შემაშფოთებელს უწოდებს კინოცენტრში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს და იქ სფეროს არ მცოდნე კადრების დანიშვნის ფაქტს. ლანა ღოღობერიძე იხსენებს კულტურის სხვა დარგებში განხორციელებულ ცვლილებებსაც და წერს, რომ "ხელოვნების მართვის დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა იქნება ქვეყნის უკანდახევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე და ქართული კინოს განვითარების შეფერხება." რეჟისორის თქმით, ქართული კინოს განვითარების შეფერხებას ვერ დაუშვებენ სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტები, "ვისთვისაც კინო ცხოვრების ნაწილია."
"შეუძლებელია კინოს მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი იყოს პირი, რომელსაც შიგნიდან არ ესმის პრობლემები და გასაჭირი ამ რთული და კომპლექსური დარგისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ინდუსტრიას და შემოქმედებას და ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, ანუ ის არ იყოს კინემატოგრაფისტი!
ხელოვნება არ არის ხელისუფლების კუთვნილება. ხელლოვნება მარადიული სუბსტანციაა, ხელისუფლება კი დროებითი. ეს უდავო ჭეშმარიტებაა" - წერს რეჟისორი. ის იხსენებს, როგორ გახდა ეროვნული კინოცენტრის დაფუძნება ახალი ქართული კინოს გაჩენის საბაბი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქართულ კინოს საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ლანდშაფტში საკუთარი ადგილის პოვნის გზაზე.
"დამყარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირები, მათ შორის ევრიმაჟთან, რომელიც არაერთი ქართული ფილმის დაფინანსებაში მონაწილეობდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ნიუ-იორკიდან ბუსანამდე (სამხრეთ კორეა), ჩატარდა ქართული კინოს რეტროსპექტივები, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე. და ყველგან გვესმოდა ერთდაიგივე მიდგომა: ასეთი ფართომასშტაბიანი ჩვენების მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს “ქართული კინოს ფენომენი” ისევ ცოცხალია.
მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი - ქართული კულტურისთვის, და ზოგადად ქვეყნისთვის - მნიშვნელოვანი ფაქტი: კინოცენტრის ინიციატივით დაიწყო და დღემდე მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ფილმების რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი (აქამდე ჩვენს ხელთ იყო მხოლოდ ფილმების ასლები, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უვარგისი). ზოგი ფილმი მთლად ახლად იქნა აღმოჩენილი, მაგალითად ნუცა ღოღობერიძის “ბუბა” და “უჟმური”, რომელთაც მას მერე საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს, ერთად, ცხადყოფს ინსტიტუციის წარმატებულ მუშაობას ქართული კულტურის და მთლიანად ქვეყნის სასარგებლოდ. და ამიტომაც ისმის კითხვა: რატომ უნდა ჭირდებოდეს ამას “რეორგანიზაცია?”" - კითხულობს რეჟისორი. ის მიიჩნევს, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში შეუძლებელია დამოუკიდებელი კინო სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე არსებობდეს, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ ეროვნული კინოცენტრი, სახელმწიფოს მიერ დაარსებული ორგანიზაცია უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მართავდეს კონკურსებს და თავად ირჩევდეს ხელმძღვანელს გამჭვირვალე არჩევნების გზით.
ასევე ნახეთ შემდეგი შენ ხარ - ქართველი ლიტერატორები კინოს სფეროს მხარდამჭერ წერილს აქვეყნებენსაქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი პროპაგანდისტული მედია პოსტ ტვ-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ცვლილებები კინოცენტრში - ინტერვიუ კინოპროდიუსერ თეკლა მაჭავარიანთან