ხალხი დაინახავდა, რომ სულიერად ვერ გამტეხეს - სააკაშვილი თავისი საქმის სხდომის გადადებაზე

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დანიშნული სხდომის გადადების საკითხზე ეჭვებს გამოთქვამს. სხდომა "7 ნოემბრის საქმეზე" უნდა გამართულიყო.

"დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას.

„სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით", - წერია მიხეილ სააკაშვილის სახელით ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავებიდან "7 ნოემბრის საქმე" განზრახ შეირჩა:

"სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს!"

დღეს, 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიდან ერთ-ერთის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო. სხდომა სამწევრიან კოლეგიაში შემავალი ერთ-ერთი მოსამართლის პენსიაზე გასვლის გამო გადაიდო.

ასევე ნახეთ

მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო

16 ივნისს მიხეილ სააკაშვილის სახელით ფეისბუკში დაიწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასა და თავის სასამართლო პროცესებზე დასწრებას გეგმავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.