ბორელი: რუსეთმა სურსათი იარაღად გამოიყენა და საფრთხე გლობალურ მიწოდებას შეუქმნა

ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ სურსათზე ფასების ზრდა "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან" რუსეთის გასვლისა და მის მიერ მარცვლეულის შესანახი ობიექტებისა და პორტის ინფრასტრუქტურის განადგურების შემდეგ დაიწყო. მის პოზიციას ამ საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ასევე ნახეთ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებამ ხორბალი შესაძლოა, 10-15%-ით გააძვიროს

"რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან“ გასვლა გადაწყვიტა, სურსათი იარაღად გამოიყენა და საფრთხე სურსათის გლობალურ მიწოდებას შეუქმნა. ინიციატივიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთმა ყოველდღიური მიზანმიმართული თავდასხმებით ასევე უკრაინის მარცვლეულის შესანახი ობიექტების და პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო, არა მხოლოდ თავად შავ ზღვაში, არამედ მდინარე დუნაიზეც. საპასუხოდ, ხორბლისა და სიმინდის საბითუმო ფასები მყისიერად მკვეთრად გაიზარდა და ეს იყო მაქსიმალური ზრდა, რომელიც რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ მოხდა", - აცხადებს ბორელი.

მისი პროგნოზით, სურსათის ფასების მერყეობა იქნება იმ დრომდე, სანამ რუსეთი არ დაასრულებს სურსათის გლობალური მიწოდების შეფერხებას:

"როდესაც მსოფლიოში შეფერხებულია მიწოდება და ფასები იზრდება, რუსეთი მიმართავს მოწყვლად ქვეყნებს, განსაკუთრებით აფრიკაში, ორმხრივი შეთავაზებებით მარცვლეულის შეზღუდული მიწოდების შესახებ და თავისივე შექმნილი პრობლემის მოგვარების შთაბეჭდილებას ქმნის. ეს სურსათის იარაღად განზრახ გამოყენების ცინიკური პოლიტიკაა".

ასევე ნახეთ შეეხება „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლა საქართველოს?

ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების საპასუხოდ ევროკავშირი სამი მიმართულებით მუშაობს:

  1. "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" განახლებაზე;
  2. ალტერნატიული მარშრუტებით, ევროკავშირის გავლით, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანაზე;
  3. გაჭირვებული ქვეყნებისა და ადამიანებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, როგორც ეს აფრიკის კავშირმა უკვე გააკეთა და ასევე შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში“ რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ. მთელ მსოფლიოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მართვის საერთო ინტერესი გააჩნია. ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს", - აცხადებს ბორელი.

რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან.

ასევე ნახეთ რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ წასვლას გადაწყვეტენ

რუსეთი შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.

რუსეთი ირწმუნება, რომ ვერ ახორციელებს სურსათის და სასუქების ექსპორტს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები სიცრუეს უწოდებენ, რადგან ეს პროდუქცია სანქცირებული არ არის. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სურსათის იარაღად გამოყენებაში.

  • უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
  • გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
  • შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლოს 17 ივლისს ამოიწურა.