ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულ ბანკს 44,9 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეს არის ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად გაუყიდია ეროვნულ ბანკს ბოლო პერიოდში.

6 ოქტომბრის ინტერვენციის შემდეგ კურსი მცირედით შეიცვალა - ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.

7 ოქტომბრის ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 დოლარი - 2,6719 ლარი (გამყარდა 0,64 თეთრით);
  • 1 ევრო - 2,8215 ლარი (გაუფასურდა 0,45 თეთრით).

განახლება

მასალის გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ეროვნული ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ „წინა წლების განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სავალუტო აუქციონთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი აქვეყნებდა შედარებით ვრცელ განცხადებებს/განმარტებებს, რომელიც იმ მომენტში სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შეესაბამებოდა”.

როგორც ეროვნული ბანკის პრესსამსახური აცხადებს, „დღევანდელი სავალუტო აუქციონის ჩატარების მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით".

თითქმის ამავე მოცულობის თანხა - 50 მილიონი დოლარი - ბოლოს სებმა გასაყიდად 2022 წლის 9 მარტს გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ ნაწილის - 39,6 მილიონის - გაყიდვა შეძლო. დღეს კი, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მიუთითა გაყიდვის მიზეზი და ის ასე ახსნა:

"სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით".

ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, თუ ერთადერთი შემთხვევა არა, როცა ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვის მიზეზს იმავე განცხადებაში ხსნის და მიუთითებს, რომ მიზეზი იყო "მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქცია".

ეროვნული ბანკის გავრცელებული განცხადებების ფოტოკოლაჟი

მაგალითად, განმარტების გარეშე გაავრცელა განცხადება უწყებამ:

ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში

დოლარის გაყიდვის გამო უწყებას განმარტებები არ გაუვრცელებია არც ბოლო დღეებში, როცა ლარის გაუფასურება დროში დაემთხვა ეროვნული ბანკის მიერ იმ რეგულაციის შეცვლას, რომელიც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ეხებოდა.

ეროვნული ბანკის გავრცელებული განცხადებების ფოტოკოლაჟი

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბანკის პრესსამსახურს და ჰკითხა, რატომ გახდა საჭირო ამ განმარტების მიწერა განცხადებაში და ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევები. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ ბინები, მიწები, ეკლესია - რა ქონებას ფლობენ ფარცხალაძის ცოლი, შვილი და რა დარჩა მას?
ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო ოთარ ფარცხალაძეს "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.

ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტები.

ასევე ნახეთ კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის  ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს, თანამდებობიდან გადადგნენ ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ეროვნულ ბანკში თურნავას წარდგენის გამო ბოდიშს იხდის და მას გადადგომისკენ მოუწოდებს
ასევე ნახეთ ნათია თურნავა: მოვისმინე, თითქოს არ გავამართლე იმედები