ოდესასა და ხერსონზე მასირებული შეტევისას რუსეთმა 20-ზე მეტი დრონი და 4 რაკეტა გამოიყენა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული შენობა ოდესაში. 2023 წლის 6 ნოემბერი

სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა და 20-ზე მეტი სახლი დაზიანდა უკრაინის ქალაქებზე, ოდესასა და ხერსონზე რუსეთის არმიის მასირებული შეტევის შედეგად, რომელიც 5 ნოემბერს, ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს მიერ დღეს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესაში დაზიანებულია 20 მრავალბინიანი სახლი, სამხატვრო მუზეუმის შენობა და საქალაქო ინფრაქსტრუქტურა. დაიჭრა 8 მშვიდობიანი მოქალაქე. მინისტრის ცნობით, ხერსონში დაზიანებულია 4 მრავალსართულიანი და 2 კერძო სახლი.

ასევე ნახეთ ოდესაზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა სამხატვრო მუზეუმის შენობა

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ოკუპირებული ყირიმიდან და ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან. უკრაინელი სამხედროების თანახმად, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 4 რაკეტა: Х-31, Х59, „ონიქსი“ და „ისკანდერი“ და 22 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 15 დრონი და 1 რაკეტა Х-59.