შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებს შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებიათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის მეთაურ სი ძინპინის შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართა სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში

სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის მეთაურ სი ძინპინის შეხვედრა, რომელიც ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა.

30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ არცერთ ლიდერს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებია.

მოლაპარაკების წინ გავრცელებული ცნობებით, დონალდ ტრამპს და სი ძინპინს უნდა განეხილათ შეთანხმების დეტალები, რომელთა თანახმად, ჩინეთმა ერთი წლით უნდა გადაავადოს იშვიათ მიწათა მეტალების ექსპორტის შეზღუდვა, განაახლოს ამერიკული აგრარული პროდუქციის შეძენა და მიმართოს მცდელობებს შეერთებულ შტატებში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად.

თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას ჩინური პროდუქციის იმპორტისთვის 100%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებაზე.

მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან წარმატებულ შეხვედრას მოელის, სი ძინპინმა კი თქვა, რომ აშშ და ჩინეთი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ.

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, დაიწყოს ბირთვული იარაღის გამოცდა

სი ძინპინთან დღევანდელი შეხვედრის წინ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაავალა ბირთვული იარაღის გამოცდის დაუყოვნებლივ დაწყება.

ტრამპმა მიზეზად დაასახელა სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული პროგრამების გამოცდა და რუსეთი და ჩინეთი ახსენა.

ასევე ნახეთ ტრამპს იმედი აქვს, რომ ჩინეთი დაეხმარება უკრაინაში ომის დასრულებაში
ასევე ნახეთ პეკინი: მოვუწოდებთ აშშ-ს, პატივი სცეს "ერთი ჩინეთის პრინციპს" და გამოიჩინოს მეტი წინდახედულობა ტაივანის საკითხზე