უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთში დაარტყეს ტემრიუკის პორტსა და სიზრანის ქარხანას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთში დაარტყეს ტემრიუკის პორტს და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში დაადასტურა შეტევა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტსა და სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა გასულ ღამით დაარტყეს ტემრიუკის საზღვაო პორტს, რომელიც ჩართულია რუსეთის საოკუპაციო არმიის უზრუნველყოფაში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე იყო ხანძრის გამომწვევი პირდაპირი დარტყმა, მიყენებული ზიანის ხარისხი კი დაზუსტების ეტაპზეა.

გენშტაბის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსული არმიის მომარაგებაში ჩართულ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც, სადაც ხანძარი გაჩნდა და წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ერთ-ერთი დანადგარი.

ასევე ნახეთ დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე

რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი გამთენიისას იუწყებოდა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ტემრიუკის „საპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები“, ხანძარი გაჩნდა და პერსონალი ევაკუირებულია.

სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ დილით იუწყებოდნენ რუსული ტელეგრამ-არხები.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.

რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

ასევე ნახეთ გროზნოში სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო ცათამბჯენების კომპლექსზე