Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე


დრონების სამიზნე არაერთხელ იყო ნავთობის საცავიც, რომელიც კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნაში მდებარეობს
დრონების სამიზნე არაერთხელ იყო ნავთობის საცავიც, რომელიც კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნაში მდებარეობს

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „კიევის რეჟიმის უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები“. რომელი „ელემენტები“ დაზიანდა, შტაბს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დაადასტურა ხანძარი და პერსონალის ევაკუაცია.

ქალაქი ტემრიუკი ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ტამანის ნახევარკუნძულის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტია. პორტი, რომელზეც 5 დეკემბერს დრონებით შეტევა იყო, მდებარეობს რაიონში, სადაც მდინარე ყუბანი აზოვის ზღვას უერთდება.

2025 წლის ზაფხულში რუსეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ტემრიუკის პორტში გაიხსნა ტერმინალი ნავთობის ექსპორტისთვის.

კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონში, ქერჩის სრუტეში მდებარეობს პორტი „კავკაზი“, დაბა ვოლნაში კი ნავთობის საცავი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ობიექტებზე შეტევა არაერთხელ მიიტანეს.

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანშიც. ქალაქის მერმა, სერგეი ვოლოდჩენკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სიზრანზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაა.

ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სიზრანში შეტევა იყო ნავთობგადადმამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარია. უკრაინის ძალებმა ამ ქარხანას დაარტყეს 2025 წლის აგვისტოშიც.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.

რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსეთის კიდევ ერთ ასეთ ობიექტზე შეტევა დაადასტურა 4 დეკემბერს, ღამით. გენშტაბის თანახმად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში დაარტყეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ ქარხანა „აზოტს“, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების საბაზისო კომპონენტებს აწარმოებს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, განადგურებულია ქარხნის ერთ-ერთი საამქრო. რუსეთის ხელისუფლებას ამ ობიექტზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG