„ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“ - გაეროში უკრაინის ელჩმა რუსეთს მიმართა

ფოტო არქივიდან. გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომათა დარბაზი

უკრაინამ თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა გაეროში, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.

ნიუ-იორკში 9 დეკემბერს გამართულ სხდომაზე განიხილეს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის ჯარების შეტევების გაძლიერება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ანდრი მელნიკმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის კაპიტულაცია სურს, რასაც ვერ მიიღებს, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიას, რომლითაც არ ვაჭრობენ.

„ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“, - თქვა უკრაინელმა დიპლომატმა და ინგლისურ ენაზე თავისი გამოსვლა დაასრულა რუსეთისადმი მიმართვით რუსულ ენაზე: „Дырку от бублика получите, а не Украину!“.

რუსულ ენაში ეს გამოთქმა(სიტყვასიტყვით: ბლითის ნახვრეტი) ნიშნავს არაფერს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა 9 დეკემბერს გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში უკრაინის შესახებ, რომლის თანახმად, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში უკრაინაში დაიღუპა 1420 და დაიჭრა 6545 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც 12%-ით მეტია ერთი წლის წინანდელ მონაცემებზე. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს თავის ანგარიშებში შეაქვს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. რეალურად მსხვერპლი მეტია.

9 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წამებაზეც და რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვაზე.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ თქვა, რომ თანახმაა არჩევნები ჩატარდეს და რომ აშშ-ს სურს, "რეალური გარანტიები" მისცეს კიევს

უკრაინაში ომის დასრულების მიზნით აშშ-ის მიერ ინიციირებულ წინადადებებს შორისაა რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ დონბასი დათმოს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 დეკემბერს კვლავ განაცხადა, რომ ტერიტორიების დათმობის უფლება არ აქვთ არც უკრაინის კანონებითა და კონსტიტუციით და არც მორალურად.

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში „გაათავისუფლებს“