Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზი" - ევროკავშირის ხელმძღვანელები უკრაინაზე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წუხელ ბრიუსელში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს. შეხვედრაში მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტეც.

ზელენსკიმ ევროპელ პარტნიორებთან განიხილა უკრაინის უსაფრთხოების, თავდაცვის და ფინანსური დახმარების საკითხები და საერთო პოზიციები აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.

8 დეკემბერს, ღამით გამართული შეხვედრის შემდეგ ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ სოციალურ პლატფორმა X-ში თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე გამოაქვეყნეს იდენტური განცხადება, რომლის თანახმად, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირი რჩება უკრაინის მტკიცე მხარდამჭერად, განიხილება წინადადებები დაფინანსების შესახებ და მიზანია, რომ უკრაინა ძლიერი იყოს როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ფონ დერ ლაიენის და კოშტას თანახმად, ზელენსკის დაუდასტურეს ურყევი ერთგულება ევროკავშირის პრინციპებისადმი. ევროკავშირის ლიდერები ხაზს უსვამენ უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემისა და გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების გარანტირების აუცილებლობას, როგორც ევროკავშირის თავდაცვის პირველი ხაზის.

„ჩვენი კავშირის თავდაცვის პირველი ხაზის", - აღნიშნავენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა. მათივე განცხადებით, ევროპა გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ყველა ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობის დასამყარებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა, პოზიციები ყველა საკითხში კოორდინირებულია და შეთანხმებულად და კონსტრუქციულად მოქმედებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა ლონდონიდან, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ზელენსკის ინფორმაციით, დეტალურად განიხილეს შეერთებულ შტატებთან ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა და შეათანხმეს საერთო პოზიცია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის შესახებ და შემდგომი ნაბიჯები.

ლონდონში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ბრიტანულმა BBC-მ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტრადიციული დიპლომატიური ფრაზებისა და უკრაინის მხარდაჭერის დადასტურების გარდა, ლიდერებისგან იყო ზოგიერთი საყურადღებო რეპლიკა. კერძოდ, გერმანიის კანცლერმა მერცმა განაცხადა, რომ სკეპტიკურადაა განწყობილი ვაშინგტონის გეგმის ზოგიერთი დეტალის მიმართ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი თქვა, რომ ევროპას კიდევ ბევრი კოზირი აქვს. არცერთ მათგანს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის დონბასის ანექსიის აღიარებას, მას შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ჟენევასა და ფლორიდის შტატში გამართული შეხვედრებისას.

ბოლო კონსულტაცია 4-6 დეკემბერს მაიამიში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვის და გენშტაბის უფროს ანდრი ჰნატოვის მონაწილეობით. მხარეები დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ.

სამშვიდობო წინადადებების განსახილველად უიტკოფი და კუშნერი 2 დეკემბერს კრემლში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინსაც. მოლაპარაკების შემდეგ პუტინმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების ზოგიერთ წინადადებას არ დასთანხმდა.

8 დეკემბერს Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ დონბასი რჩება აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად.

იმავე დღეს ლონდონიდან ბრიუსელისკენ მიმავალმა ზელენსკიმ მედიისთვის თვითმფრინავიდან გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერიტორიების დათმობის უფლება არ აქვთ არც უკრაინის კანონებითა და კონსტიტუციით და არც მორალურად.

გამოცემა „რბკ-უკრაინის“ ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მრჩევლები ლონდონში დარჩნენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად სამუშაოდ გეგმის იმ ვარიანტზე, რომელიც ამერიკული მხარისგან მიიღეს მაიამიში 4-6 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინა თავის ვერსიაზე მუშაობას სავარაუდოდ, 9 დეკემბერს დაასრულებს და შეერთებულ შტატებს გადასცემს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG