უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს 90 მილიარდ ევროს, მაგრამ არა გაყინული რუსული აქტივებიდან

18 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა

ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე. ნაცვლად ამისა უკრაინა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან მიიღებს 90 მილიარდ ევროს.

კრედიტი უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ვალდებულებას არ იღებენ მხოლოდ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების საკითხზე მსჯელობდნენ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 დეკემბერს დაიწყო. მრავალსაათიანი მოლაპარაკება გასულ ღამით დასრულდა.

უკვე 19 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროთი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. რა სქემით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ 90 მილიარდი ევრო უპროცენტო კრედიტია, რომელსაც უკრაინა გადაიხდის რუსეთისგან კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, რუსული აქტივები კი გაყინული იქნება, სანამ რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის.

ეს წერია ევროპული საბჭოს დოკუმენტშიც, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 25-ის ლიდერის მიერ. ნათქვამია ისიც, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ევროკავშირის ბიუჯეტიდან უზრუნველყოფა გავლენას არ მოახდენს ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ფინანსურ ვალდებულებებზე.

განახლება: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მადლობა გადაუხადა 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების გადაწყვეტილებისთვის. ზელენსკის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინის მდგრადობას განამტკიცებს. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩება, უკრაინამ კი უახლოესი წლებისთვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტიები მიიღო.

18 დეკემბერს პრეზიდენტი ზელენსკი ბრიუსელში იმყოფებოდა. მან ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ილაპარაკა მწვავე პრობლემებზე, რომლებიც უკრაინას ელოდება, თუ დაფინანსებას ვერ მიიღებენ. უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ ევროკავშირი დადებითად გადაწყვეტდა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს.

უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს გაუყინა 210 მილიარდი ევროს აქტივები. უდიდესი ნაწილი ბელგიაში ინახება.

ასევე ნახეთ The Guardian: გრუ ბელგიის პოლიტიკოსებსა და ფინანსურ ხელმძღვანელებს აშინებდა გაყინული აქტივების გამო

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას დახმარება შეუწყვიტა, რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ერთადერთი სპონსორი ევროპაა.

უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენება ევროკომისიის წინადადებაა. მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით ბელგია თანახმა არ იყო და გარანტიებს ითხოვდა. აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთიც და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს სხდომაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინის დასახმარებლად რუსული აქტივების გამოყენებაზე, ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა მიიღო ის, რაც სურდა - არანაირი რეპარაციის კრედიტი, ევროკავშირის მოქმედება უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მონაწილეობის გარეშე.

რუსეთი თავისი აქტივების გამოყენების შემთხვევაში ევროკავშირს დაემუქრა საპასუხო ზომებით რუსეთში არსებული ევროპული აქტივების მიმართ.

ასევე ნახეთ მოსკოვში „ქურდების შეკრება“ უწოდეს ევროკავშირის სამიტს და ორ ლიდერს გადადგომისკენ მოუწოდეს