დიდ ბრიტანეთში გამომავალი The Guardian-ი ევროპის დაზვერვის სააგენტოების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დაზვერვა ბელგიის პოლიტიკოსებსა და ფინანსურ ხელმძღვანელებზე ახორციელებდა ზეწოლის კამპანიას, რათა ისინი დაეყოლიებინა, უკრაინისთვის დაებლოკათ 185 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები.
როგორც გამოცემა წერს, უსაფრთხოების წარმომადგენლებმა მას შეატყობინეს, რომ მიმდინარეობდა მიზანმიმართული ზეწოლა მთავარ ფიგურებზე Euroclear-ში - საცავში, სადაც რუსეთის გაყინული აქტივების დიდი წილი ინახება, ისევე როგორც ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებზე.
ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში იკრიბებიან იმაზე სამსჯელოდ, დაამტკიცონ თუ არა უკრაინისთვის სესხის სახით გადაცემა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებისა - რაც ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება უკრაინისთვის 2026 და 2027 წლებში.
გამოცემის წყაროების აზრით, ზეწოლის კამპანიის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) წარმომადგენლები არიან. საფრთხის ინტენსივობის შესახებ გამოცემას განსხვავებული მოსაზრებები გაუზიარეს, თუმცა ევროპის ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ "ისინი ნამდვილად მიმართავენ ზეწოლის ტაქტიკას".
ბელგია ამ დისკუსიათა ფოკუსშია იმიტომ, რომ სწორედ ბრიუსელში განთავსებულ Euroclear-ში ინახება 185 მილიარდი ევრო რუსეთის ცენტრალური ბანკის იმ 210 მილიარდი ევროდან, რომელიც ევროკავშირმა გაყინა მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირის ლიდერებმა ხუთშაბათს და პარასკევს უნდა გადაწყვიტონ ამ სახსრებიდან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის საკითხი. ბელგიას საჯაროდ აქვს გამოთქმული ეჭვები ამ სქემის კანონიერების მიმართ - ბრიუსელი აცხადებს, რომ ამას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუკი მიიღებს გარანტიებს, რომ Euroclear-ს თანხებს აუნაზღაურებენ, თუ რუსეთი წარმატებით იჩივლებს თავის ფულზე.
რუსეთს საჯაროდ აქვს გამოცხადებული, რომ მისი აქტივების გამოყენება იქნება ქურდობის ტოლფასი ნაბიჯი. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Euroclear-ს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა ზიანისთვის და 230 მილიარდ ევროს მოითხოვს.
The Guardian-ის მონაცემებით, ზეწოლის კამპანიის სამიზნე ცალკეული ფიგურები არიან. გამოცემა წერს, რომ მუქარა მიიღო ვალერი ურბენმა - Euroclear-ის მთავარმა აღმასრულებელმა, ასევე წამყვანმა ფიგურებმა ფინანსური სერვისების ამ ჯგუფიდან.
ფორუმი