რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის” გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის დავალებით ჩართულია უკრაინის შესახებ აშშ-თან მოლაპარაკების პროცესში, დღეს, 19 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის საერთაშორისო რეზერვების გამოყენების „უკანონო სქემის“ უარყოფა „სამართლისა და საღი აზრის დიდი გამარჯვებაა“.
დმიტრიევის თანახმად, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაპირებული ერთიანობა და სიმტკიცე ვერ აჩვენეს და რუსეთის რეზერვების უკანონოდ გამოყენებას ვერ მიაღწიეს, უნდა გადადგნენ, რადგან პოლიტიკური კაპიტალი სრულად დაკარგეს.
ევროკავშირის სამიტს „ქურდული შეკრება“ (Воровской сходняк) უწოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა.
მან 19 დეკემბერს ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ამ შეკრების მონაწილეებს შეეშინდათ „გოპ-სტოპის“(ჟარგონი, რომელიც ქუჩის ძარცვას აღნიშნავს), ანუ „რუსული ფულის ღიად გატაცების“ და ამასთან, გამოჩნდა, რომ „აღიარეს ვაშინგტონის აკადემიკოსების უფროსობა“, რადგან ისინი „გოპ-სტოპს“ ეწინააღმდეგებოდნენ.
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 დეკემბერს გაიხსნა, ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერები ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე, რაც ევროკომისიის წინადადება იყო და ევროკავშირის ზოგიერთი წამყვანი სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის მხარდაჭერით სარგებლობდა.
ნაცვლად ამისა უკრაინა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან მიიღებს 90 მილიარდ ევროს. კრედიტი უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ვალდებულებას არ იღებენ მხოლოდ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.
90 მილიარდი ევრო უპროცენტო კრედიტია, რომელსაც უკრაინა გადაიხდის რუსეთისგან ომით მიყენებული ზიანის კომპენსირების შემთხვევაში, რუსული აქტივები კი გაყინული იქნება, სანამ რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს გაუყინა 210 მილიარდი ევროს აქტივები. უდიდესი ნაწილი ბელგიაში ინახება. რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ ბელგია, უნგრეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა.
ფორუმი