დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მოწოდებაა ბრიტანეთის პარტნიორებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი, "გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად".
განცხადების ფონია ლონდონის გადაწყვეტილება ოთხი კერძო რუსული ნავთობკომპანიისა და 24 კერძო პირისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. მათ შორისაა უმსხვილესი კომპანია “რუსნეფტი”, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.
ასევე ნახეთ ლონდონმა სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის"ჩრდილოვან ფლოტს" უწოდებენ გემებს, რომელთაც გადააქვთ რუსული სანქციებით აკრძალული ნავთობპროდუქტები და რომელთა შემთხვევაშიც ბოლომდე არ არის ცხადი, თუ ვის ეკუთვნის ეს გემები.
გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას. ამ ხელშეკრულების მიზანია, დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე.
"ხელშეკრულება იმედისმომცემია ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, რომლებიც აგრესიის შედეგად დაზარალდნენ. ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
"კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
ასევე, მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განცხადება გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად.
გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას.
ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა, რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების სანქცირებით, ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მასში გამოთქმულია იმედი, რომ "საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგოუსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგოპარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას".
ასევე ნახეთ საქართველოში ნედლი ნავთობის 97% რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატისაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 137 ათასი ტონა ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 62 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
შედარებისთვის, 2024 წელს ნედლი ნავთობის იმპორტი მხოლოდ 10,5 ტონას შეადგენდა, ღირებულება კი - 5,8 მლნ დოლარს. იმპორტი დაახლოებით 13-ჯერაა გაზრდილი.
2025 წელს საქართველოში შემოტანილი ნავთობის 97% რუსეთზე მოდიოდა. საქსტატის ცნობით, რუსეთიდან 60,4 მლნ დოლარის ღირებულების 133,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობია შემოტანილი.