რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
საუბარია კერძო კომპანია „რუსნეფტზე“ (Русснефть) და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად „დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში“.
მოგვიანებით რუსულმა გამოცემა „პროექტმა“ გამოავლინა კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.
ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნესპარტნიორები დაკავშირებული არიან რუსულ ნავთობისა და ლოგისტიკის კომპანიებთან, რომელთა შემოსავლები მილიარდებს აღწევს.
„პროექტის“ ცნობით, ასათიანის პარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.
ქარხნის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“. ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
„რუსნეფტში“ წილს ოფიციალურად ფლობდა ვლადიმირ ევტუშენკოვის კომპანია „სისტემა“ 2010-13 წლებში, თუმცა წილი კომპანიის დამფუძნებელ მიხაილ გუცერიევზე გაყიდა.
ფორუმი