„დღეს რეჟიმმა კიდევ ერთხელ გადალახა სამართლიანობის, ადამიანობის ხაზი“, - დემონსტრანტთა უპარტიო ნაწილის სახელით განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ჯიბლაძემ.
„ჩვენ არ ვართ აფილირებული არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, ორგანიზაციასთან… თითქმის ორი წელია, უწყვეტად ვიბრძვით, რომ ამ ქვეყანამ არ დაკარგოს მომავალი. დღეს რეჟიმმა უკვე დაიწყო ადამიანების დაკავება საფეხმავლო ბილიკზე. დაიჭირა ხუთი მოქალაქე“, - განაცხადა მან.
„ამას ჰყავს აღმასრულებლები - მოსამართლე, პოლიციელი, რომლებსაც არ შეიძლება, საკუთარი საქციელის გამართლება ჰქონდეთ - არც პროფესიული, არც ადამიანური“, - თქვა მან.
„ჩვენ ვერ დაგვაშინა ვერცერთმა უსამართლობამ, ძალადობამ, ვერ შეგვაშინებს ვერც ეს. ვდგავართ და ვიდგებით ერთად - ბოლომდე. გამარჯვებამდე“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო ორ დღეში, 22-23 იანვარს, 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტის ნაწილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა:
- ნუკრი კაკულია - შეუფარდეს 4-დღიანი პატიმრობა;
- სანდრო მეგრელიშვილი - 4-დღიანი პატიმრობა;
- დიმიტრი ჯამბურია - 4-დღიანი პატიმრობა;
- ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი - 5-დღიანი პატიმრობა
- მიშა ზაქარეიშვილი - 5-დღიანი პატიმრობა;
- დემონსტრანტი ანი ახმეტელი, ნათია ჭავჭანიძე და რეზი დუმბაძე სამართალდამრღვევებად ცნეს, თუმცა სიტყვიერი შენიშვნები გამოუცხადეს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმს ბევრად ნაკლები ხარისხით ზღუდავს, - მიუთითებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზანი არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნაა“.
ასევე ნახეთ შსს ამბობს, რომ დემონსტრანტები ისჯებიან „არა ტროტუარზე დგომის“, არამედ „ტროტუარზე გადაადგილების ხელშეშლის“ გამო